პროექტის შესახებ

ჩვენი ინსტიტუტის საქმიანობის მთავარი მიზანია, დაეხმაროს საქართველოს გახდეს ძლიერი, კონსოლიდირებული მრავალპარტიული დემოკრატიის ქვეყანა, რომელსაც ექნება მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, ეყოლება დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები და რომელშიც პოლიტიკური პროცესები ძლიერ დემოკრატიულ კულტურას დაეფუძნება. ჩვენი ხედვით, სწორედ ამ სამ ქვაკუთხედს ეყრდნობა დემოკრატია. ამ მისიას ჩვენ პოლიტიკური პარტიების გაძლიერების, პოლიტიკური განათლებისა და პოლიტიკური სისტემის გაუმჯობესებაზე მიმართული პროგრამებით ვემსახურებით.

საქართველოს ღრმა, თუმცა ფრაგმენტული დემოკრატიული ტრადიცია გააჩნია. საკმარისია გავიხსენოთ პირველი რესპუბლიკის პერიოდის დებატები და ვნახავთ, რომ ხშირ შემთხვევაში დემოკრატიული ფასეულობები არანაკლებ ფასეული და აქტუალური იყო მაშინდელ საქართველოში, ვიდრე ახლა; თერგდალეულების თაობამ საქართველოს იმდროინდელი დემოკრატიული, პროგრესული მსოფლიოს მაჯისცემა გააგებინა, ახლებური აზროვნებისა და მოქმედებისკენ უბიძგა და მდიდარი ლიტერატურული, პუბლიცისტური თუ პოლიტიკური მემკვიდრეობა დაგვიტოვა; საქართველოს ისტორიის უფრო ადრეულ ეპოქებში ჩვენ ვიპოვით ძლიერ დემოკრატიულ იმპულსებს - ეს იქნება მოძრაობები მეფის აბსოლუტური ძალაუფლების შეზღუდვისთვის, რეფორმების არაერთი ტალღა ქართულ ეკლესიაში თუ სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების გამიჯვნის შემთხვევები.

სამწუხაროდ, კომუნისტურმა ტოტალიტარიზმმა ჩვენს ქვეყანაში მანკიერი ტრადიციაც შექნა: ინიციატივისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნაკლებობა, თვითორგანიზების დაბალი კულტურა, თვითმმართველობის სუსტი უნარები, დომინაციაზე და არა კონსენსუსზე ორიენტირებული საზოგადოებრივი და პოლიტიკური წესრიგი, ერთი ლიდერის მიერ მართული და არა დემოკრატიული თანამონაწილეობით შექმნილი პოლიტიკური პარტიები. ეს მახასიათებლები სწორედ ამ ავტორიტარული ტრადიციის ჯერ კიდევ ძლიერი ინერციის გამოხატულებაა.

ასე რომ, თანამედროვე საქართველოში ისევ თანაარსებობს ორი ტრადიცია: ერთი მხრივ, დემოკრატიული, ევროპული პოლიტიკური ტრადიცია, ხოლო მეორე მხრივ, ტოტალიტარული, პოსტკომუნისტური. გარკვეულწილად ამიტომაც არის, რომ ჯერჯერობით კვლავ ნახევრად თავისუფალი ქვეყნების რიგში ვართ. სასწორი თავისუფლების სასარგებლოდ საბოლოოდ არ გადახრილა, დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია საქართველოში არ დასრულებულა.

სწორედ ამ ორი ტრადიციის ჭიდილში გამოდის ეს პუბლიკაციაც, რომლის მიზანია სტალინის შესახებ იმ მითების გაქარწყლება, რომლებიც ტოტალიტარულმა სახელმწიფომ შექმნა და ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული საქართველოში. სტალინიზმის პროპაგანდა, მისი იდეებისა და საქმეების განდიდება ხელს უშლის საქართველოს დემოკრატიულ კონსოლიდაციას, აძლიერებს ანტიდემოკრატიულ პოლიტიკურ მოძრაობებს და შეურაცხყოფს იმ ასეულათასობით ქართველის ხსოვნას, რომლებიც სტალინის დიქტატურამ შეიწირა.

„13 მითი სტალინის შესახებ“ არქივებსა და ობიექტურ ისტორიულ ინფორმაციას ეყრდნობა. დიდი იმედი გვაქვს, ეს პუბლიკაცია გამოადგებათ სამოქალაქო აქტივისტებს ტოტალიტარული ტრადიციისა და გაძლიერებული ანტიდემოკრატიული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომლის მხარდამჭერებად, სამწუხაროდ, ხშირად პოლიტიკოსები და საჯარო მოხელეებიც კი გვევლინებიან.

საქართველოს ქალაქებში კვლავ შევხვდებით სტალინის გამზირებს, სკვერებსა თუ ბიუსტებს, ხოლო გორში არსებული სტალინის მუზეუმი მის განმადიდებელ გამოფენას წარმოადგენს. რთულია წარმოიდგინო, თუ როგორ შეიძლება, რომ ქვეყანამ დემოკრატიული პროგრესის გზა სტალინის გამზირით გაიაროს. ამიტომაც გამოდის ეს პუბლიკაცია, როგორც ჩვენი წვლილი თავისუფლების, დემოკრატიისა და დემოკრატების მხარდასაჭერად საქართველოში.

ლევან ცუცქირიძე

NIMD-ის წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში