მითი 1 – მეორე მსოფლიო ომი სტალინმა მოიგო

მეორე მსოფლიო ომი სტალინმა მოიგო

ფაშისტური გერმანიის დამარცხების წარმოჩენა სტალინის პირად დამსახურებად არასწორია. იმ უდიდეს ადამიანურ მსხვერპლზე რომ არაფერი ვთქვათ, რაც მაშინდელი საბჭოთა კავშირის ხალხებმა გაიღეს, ეს შეხედულება უგულებელყოფს მოკავშირეებისა და მათი ლიდერების, განსაკუთრებით კი დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბურ სამხედრო, მატერიალურ და დიპლომატიურ წვლილს ამ საქმეში.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ „ფაშისტური ღერძის“ უპირველესი და მნიშვნელოვანი მოწინააღმდეგე იყო დიდი ბრიტანეთი და არა საბჭოთა კავშირი, რომელიც სინამდვილეში, სტალინის ხელმძღვანელობით, 1941 წლამდე ჰიტლერის უშუალო მოკავშირესა და მხარდამჭერს წარმოადგენდა. 1941 წელსაც კი, საბჭოთა კავშირზე უშუალო თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე, გერმანიას მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა საბჭოთა კავშირი, რომლის წარმომადგენლები  ფაშისტებს საკონცენტრაციო ბანაკების მოწყობის გამოცდილებასაც კი უზიარებდნენ. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გერმანია მის წინააღმდეგ დაწესებულ სამხედრო შეზღუდვებს გვერდს უვლიდა საბჭოთა კავშირის მეშვეობით. მაგალითად, გერმანიის სამხედრო-საჰაერო ფლოტის განვითარებისა და მოდერნიზაციის პროგრამის დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ხორციელდებოდა.

1111939 წლიდან მოყოლებული, დიდი ბრიტანეთის ლიდერობითა და შეერთებული შტატების მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერით, ხოლო შემდეგ ამ უკანასკნელის უშუალო სამხედრო მონაწილეობით მეორე მსოფლიო ომში (მათ შორის გერმანიის საზღვაო ბლოკადის შენარჩუნებით) გერმანია საგრძნობლად დასუსტდა როგორც სამხედრო, ისე მატერიალური თვალსაზრისით. სტრატეგიულ დონეზე ჰიტლერი იძულებული გახდა, ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან ფრონტზე ებრძოლა და თავისი სამხედრო ძალები დაენაწევრებინა. ტრადიციულად, ეს ითვლება გერმანიის, თვითონ ჰიტლერის დაუშვებელ სტრატეგიულ შეცდომად, რაც დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ძალისხმევის დამსახურება იყო.

განსაკუთრებით გამორჩეული მასშტაბური სამხედრო კამპანიები და ოპერაციები, რომელთაც გადამწყვეტი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდათ, იყო ბრძოლა ბრიტანეთისთვის, ბრძოლა ატლანტის ოკეანისთვის, სამხედრო კამპანია ჩრდილოეთ აფრიკაში და, რა თქმა უნდა, ნორმანდიის დასკვნითი ოპერაცია მისი თანამდევი კამპანიით, მოკავშირეთა ჯარების ევროპაში შეხვედრითა და მესამე რაიხის სწრაფი განადგურებით რომ დასრულდა.

ბრძოლა ბრიტანეთისთვის (10 ივლისი - 31 ოქტომბერი, 1940)

„ბრძოლა ბრიტანეთისთვის“ იყო ჰიტლერის მცდელობა, საჰაერო თავდასხმებით დაესუსტებინა დიდი ბრიტანეთის ჰაერსაწინააღმდეგო და საზღვაო თავდაცვა და ნიადაგი მოემზადებინა სახმელეთო თავდასხმისთვის იმ შემთხვევაში, თუკი ბრიტანეთი დიპლომატიურ გარიგებას არ დათანხმდებოდა. ამისთვის, ბრიტანეთის წინააღმდეგ გერმანიას დაკავებული ჰყავდა მისი საჰაერო და საზღვაო ძალების დიდი ნაწილი. გერმანული საჰაერო ძალების მხრიდან მობილიზებული იყო 2600 სამხედრო თვითმფრინავი, რომელთაგან დაახლოებით 1887 ბრიტანეთის წინააღმდეგ ბრძოლებში განადგურდა. ჰიტლერი იძულებული იყო, მნიშვნელოვანი რესურსები დაეხარჯა სამხედრო-საზღვაო მიზნებისთვის და სამხედრო გემთმშენებლობაზე, რათა შეეკავებინა ბრიტანეთი, გაბატონებულიყო ინგლისის სრუტესა და ჩრდილოეთ ზღვაზე და მოემზადებინა პოტენციური საზღვაო-სახმელეთო (ე. წ. ამფიბიური) კამპანია გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ. აღნიშნული გეგმები შეუსრულებელი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მზადებას გერმანიამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ადამიანური და მატერიალური რესურსი შეალია; ეს იყო რესურსი, რომელიც პოტენციურად მას ომის სხვა ფრონტებზე შეეძლო გამოეყენებინა. ჰიტლერმა მთელი ევროპა პრაქტიკულად ორ თვეში დაიპყრო, მაგრამ პირველი დამარცხება სწორედ ბრიტანეთისთვის ბრძოლაში იწვნია.

 

ბრძოლა ატლანტის ოკეანისთვის

„ბრძოლა ატლანტის ოკეანისთვის“ იყო მეორე მსოფლიო ომის ყველაზე ხანგრძლივი სამხედრო კამპანია, რომელიც ჯერ კიდევ 1939 წელს (!) დაიწყო და 1945 წელს დასრულდა. 1943 წლისთვის კი ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს პრაქტიკულად უკვე განადგურებული ჰქონდათ ატლანტის ოკეანეში მოქმედი გერმანული წყალქვეშა ფლოტი. ამ კამპანიაში გერმანიამ 30 ათასამდე მეზღვაური და მისი წყალქვეშა გემების თითქმის სამი-მეოთხედი, ანუ დაახლოებით 783 ხომალდი დაკარგა. ამის მიუხედავად, მან ვერ შეძლო ვერც ბრიტანეთის ბლოკადაში მოქცევა, ვერც საზღვაო ბლოკადის გარღვევა, ვერც ამერიკული დახმარების მიწოდების შეჩერება ბრიტანეთისთვის (და მისი გავლით საბჭოთა კავშირისთვის). ბრიტანეთის მიერ საზღვაო დომინანტობის შენარჩუნება გადამწყვეტი ფაქტორი იყო მთლიანად დასავლეთ ევროპის გადარჩენის პროცესში, ნორმანდიის ოპერაციის მომზადებაში, საბჭოთა კავშირის მომარაგებასა და საბოლოოდ ჰიტლერის სამხედრო და ეკონომიკურ განადგურებაში.

ჩრდილოეთ აფრიკის კამპანია (10 ივნისი, 1940 - 13 მაისი, 1943)

ჩრდილოეთ აფრიკის მასშტაბურ კამპანიაში იბრძოდნენ გერმანიის ელიტური დანაყოფები, რომელთაც იმ დროის ერთ-ერთი საუკეთესო გენერალი, ფელდმარშალი ერვინ რომელი ხელმძღვანელობდა. აფრიკულ კამპანიაში გერმანიისა და იტალიის გაერთიანებულმა ჯარებმა ჯამურად 44 ათასზე მეტი მებრძოლი დაკარგეს, ხოლო დაახლოებით 470 ათასი ტყვედ ჩავარდა.

ჩრდილოეთ აფრიკაზე კონტროლის დაკარგვით შესუსტდა გერმანიის გავლენა ხმელთაშუა ზღვაზე და მან საბოლოოდ დაკარგა შესაძლებლობა, ხელში ჩაეგდო მისთვის კრიტიკულად საჭირო წიაღისეული რესურსები აფრიკაში, გაეხსნა სამხრეთი დერეფანი საბჭოთა კავშირსა და ირანზე შემდგომი შეტევისთვის და ინდოჩინეთზე გავლით სახმელეთო კონტაქტი დაემყარებინა იაპონელ მოკავშირეებთან. მეორე მხრივ, ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებს შესაძლებლობა მიეცათ, უფრო თავისუფლად ემოქმედათ ხმელთაშუა ზღვაში, რასაც მოჰყვა იტალიის კამპანია, მუსოლინის დამარცხება და იტალიის ომიდან გამოთიშვა. მოვლენების ასეთმა განვითარებამ შესაძლებლობა მისცა ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, უფრო აგრესიულად ემოქმედათ ბალკანეთში და უფრო ადვილად მოემარაგებინათ საკუთარი შეიარაღებული ძალები ინდოჩინეთში.

ბრიტანულ-ამერიკული საჰაერო დაბომბვის კამპანია გერმანიის წინააღმდეგ

1941 წლიდან - დიდმა ბრიტანეთმა, ხოლო 1942 წლიდან შეერთებულმა შტატებმა წამოიწყეს მასშტაბური სამხედრო-საჰაერო კამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა გერმანიის ინდუსტრიული პოტენციალის დასუსტებას. დროთა განმავლობაში ეს კამპანია ძალას, მასშტაბსა და სიზუსტეს იძენდა და ომის გარდამტეხ წლებში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მოკავშირეების სასარგებლოდ. „სტრატეგიული დაბომბვის“ კამპანიებმა, რომლებიც უშუალოდ გერმანიის ინდუსტრიული ქალაქების წინააღმდეგ იყო მიმართული, მისი ეკონომიკური და ინდუსტრიული შესაძლებლობების დასუსტება და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, საბრძოლო მორალის სერიოზული დეგრადაცია გამოიწვია.

სამხედრო დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვას უდიდესი წვლილი მიუძღვის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი გერმანიის სამხედრო-საზღვაო კომუნიკაციების გაშიფვრაში, რითაც ომის მსვლელობაში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეიტანა (ეს ოპერაციები ცნობილია „ულტრას“ სახელით და მათგან ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულია გერმანული საიდუმლო საკომუნიკაციო მანქანის - „ენიგმას“ გაშიფვრა).

ნორმანდიის ოპერაცია

განხილული სხვადასხვა სამხედრო კამპანიის შედეგად, 1944 წლის 6 ივნისს ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა შეძლეს განეხორციელებინათ ნორმანდიაზე თავდასხმა, რომელიც მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სამხედრო ოპერაციად არის მიჩნეული. საფრანგეთის ნორმანდიის სანაპიროზე მოკავშირეთა ჯარების გადასხმამ საბოლოოდ გატეხა ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგობა, რასაც 1944 წლის 25 აგვისტოს - პარიზის გათავისუფლება, ხოლო 1945 წლის 8 მაისს გერმანიის უპირობო კაპიტულაცია მოჰყვა.

მეორე მსოფლიო ომში ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის როლის დაკნინება შეუძლებელია. მათი მონაწილეობის გარეშე ან დიდი ბრიტანეთის ომიდან გამოთიშვის შემთხვევაში რთულია ითქვას, რამდენად გაუმკლავდებოდა მოუმზადებელი, არასათანადოდ აღჭურვილი, გამოუცდელი და გენერლების მორიგი „წმენდით“ დასუსტებული საბჭოთა არმია „ფაშისტური ღერძის“ მობილიზებულ, მაღალტექნოლოგიურ და კონცენტრირებულ იერიშებს, რომ არაფერი ვთქვათ გერმანიის დამარცხებაზე. სტალინს უპირობოდ დიდი ბრალი მიუძღვის ჰიტლერის წაქეზებასა და მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში, ხოლო ამ ომში გერმანიის დამარცხებაში მისი პირადი როლი მეტად გაზვიადებულია. მითი იმის შესახებ, რომ „მეორე მსოფლიო ომი სტალინმა მოიგო“, საბჭოთა პროპაგანდის შექმნილია და თანამედროვე პერიოდში მას აქტიურად ავრცელებს ავტორიტარული, ანტიდასავლური მედია.

No Comments Yet.