მითი 11 – სტალინი ძლიერი ორატორი იყო და დასავლეთის ლიდერებს უჭირდათ მის არგუმენტებთან გამკლავება

სტალინი ძლიერი ორატორი იყო და დასავლეთის ლიდერებს უჭირდათ მის არგუმენტებთან გამკლავება

ტოტალიტარული პროპაგანდა სტალინს, როგორც ბელადს, უნივერსალურ, სრულყოფილ ლიდერად წარმოაჩენდა. ანტიდემოკრატიული გამოცემები თუ ინტერნეტრესურსები დღესაც ხშირად ავრცელებენ უინსტონ ჩერჩილისა თუ ფრანკლინ დელანო რუზველტის „ციტატებს“ იმის შესახებ, თუ როგორ ეფექტურად ახერხებდა სტალინი მათ დადუმებას „ოსტატური რიტორიკითა“ და „ძლიერი არგუმენტებით“. სინამდვილეში, ობიექტურ ისტორიულ მასალებში არაფერია ნათქვამი სტალინის გამორჩეულ ორატორულ თვისებებზე, რომლებიც თითქოს ბევრად აღემატებოდა სხვა მსოფლიო ლიდერების შესაძლებლობებს. თავად ჩერჩილი ცნობილ ავტობიოგრაფიულ წიგნში - „მეორე მსოფლიო ომი“ აშკარად დაბალ შეფასებას აძლევს საბჭოთა ლიდერების მეტყველებისა და წერის კულტურას, ისევე როგორც მათი სტრატეგიული ხედვის უნარებს.

ცხადია, მითი სტალინურმა პროპაგანდამ შექმნა. ის ვიდეომასალა, რაც ჩვენამდეა მოღწეული, ქმნის ბელადის ამგვარ იმიჯს: სტალინის თითოეული გამოსვლა მოგებიან პოზიციაშია ნაჩვენები - მსმენელი მიესალმება მის ყველა აზრს, ამხნევებს ტაშით. „ხანგრძლივი ტაში, გადაზრდილი მქუხარე აპლოდისმენტებში, ოვაციებში“ - ეს საბჭოთა პრესის შაბლონია.

სინამდვილეში, ამ ეპოქის მსოფლიო ლიდერებს შორის სტალინი ორატორული თვისებებით არაფრით გამოირჩეოდა, მაშინ როდესაც შარლ დე გოლისა თუ რუზველტის გამოსვლები მართლაც რომ რიტორიკული ხელოვნების გამორჩეული ნიმუშები იყო. მაგალითისთვის იხილეთ შარლ დე გოლის რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოსვლა, აგრეთვე ფრანკლინ დელანო რუზველტის ცნობილი სიტყვა: „ერთადერთი, რისიც უნდა გვეშინოდეს, ეს თავად შიშია“, რომელიც მან თავისი ინაუგურაციის დღეს, 1933 წლის 4 მარტს წარმოთქვა.

თუმცა ორატორული და რიტორიკული ხელოვნებით მათგან ყველაზე გამორჩეული დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი იყო. მოისმინეთ ან წაიკითხეთ მისი დიდებული გამოსვლა 1940 წლის 18 ივნისს - „მათი საუკეთესო დრო“ (Their Finest Hour), ძალზე შთამბეჭდავი „ცოტანი“ (The Few) ან წინასწარმეტყველური „ევროპის გაერთიანებული ქვეყნები“ (United States of Europe) და ამაში თავად დარწმუნდებით. აი როგორ დაასაბუთა ნობელის კომიტეტმა 1953 წელს უინსტონ ჩერჩილისთვის ნობელის პრემიის გადაცემა ლიტერატურის დარგში (!):

„ბიოგრაფიული და ისტორიული მოვლენების აღწერის ოსტატობისთვის, ისევე როგორც ბრწყინვალე ორატორობისთვის დიდებული ჰუმანური ფასეულობების დაცვისას“.

ამ პრემიის გადაცემისას ნობელის კომიტეტის წევრმა პ. სივერცმა აღნიშნა:

„ჩერჩილის ორატორული ხელოვნება არასოდეს სცდება მიზანს და გულის შეძვრამდე დიდებულია. ეს არის ძალა, რომელიც ადუღაბებს ისტორიას. ნაპოლეონის გამოსვლები ხშირად ეფექტს ახდენდა მიმზიდველი სტილის გამო. მაგრამ ჩერჩილის ექსპრესია თავისუფლებისა და ადამიანთა ღირსების დაცვის მძიმე წუთებში სრულიად სხვაგვარად იყო გულისშემძვრელი. თავისი დიდებული გამოსვლებით მან ალბათ თავად აუგო საკუთარ თავს ყველაზე დიდებული მონუმენტი“.

სტალინს თავადაც კარგად ესმოდა, რომ ორატორული ხელოვნება მისი აქილევსის ქუსლი იყო და ბოლშევუკური პარტიის ისეთ განთქმულ ორატორებთან, როგორებიც იყვნენ ლენინი, ბუხარინი და ტროცკი, საჯარო დისკუსიებს ის ყოველთვის თავს არიდებდა. ამიტომაც სტალინმა უმაღლესი ძალაუფლების მოპოვებისთვის ბრძოლის ველი საჯარო დისკუსიებიდან, დებატებიდან, რაც მიღებული ფორმა იყო ბოლშევიკურ ელიტაში, გადაიტანა კულუარებში, შიდა ინტრიგებში, კულუარულ დაპირისპირებებში, რასაც ის შესანიშნავად ახერხებდა.

სწორედ ამიტომ არის, რომ თანამედროვე ეპოქაში პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები, ბიზნესმენები თუ ჟურნალისტები - ყველა, ვისთვისაც საჯარო გამოსვლა მნიშვნელოვანია, სწავლობს არა სტალინის, არამედ სწორედ უინსტონ ჩერჩილის გამოსვლებს.

No Comments Yet.