მითი 12 – სტალინს ოცი ათასამდე წიგნი ჰქონდა წაკითხული

„სტალინს ოცი ათასამდე წიგნი ჰქონდა წაკითხული“

ამ მითს საფუძველი საბჭოთა პერიოდშივე ჩაეყარა, თუმცა დღემდე აგრძელებს არსებობას და მეტიც, მისი ახალი შტრიხებით გამდიდრებას ცდილობენ. გავრცელებული მოსაზრებით, სტალინის ბიბლიოთეკაში იყო დაახლოებით 20 000 წიგნი და ყველა ისეთი მინიშნებებით, რაც ადასტურებს, რომ სტალინს ისინი წაკითხული ჰქონდა. 1939 წელს, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრად სტალინის არჩევამ ხელი შეუწყო მისი, როგორც მეცნიერის იმიჯის შექმნასაც.

ეს რომ მითია, მარტივი არითმეტიკული გამოანგარიშებითაც მტკიცდება. ადამიანმა წიგნის კითხვის მეტი რომ არაფერი აკეთოს, წელიწადში 300 წიგნის გულისყურით წაკითხვაც კი გაუჭირდება. ამასთან, სტალინის ბიოგრაფიაში იყო პერიოდები, როდესაც მას ნაკლებად ეცალა წიგნების საკითხავად. აგრეთვე სადავოა სტალინის ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების რაოდენობა. რუსეთის ფედერალური საარქივო სააგენტოს ოფიციალურ საიტზე (www.sovdoc.rusarchives.ru) მოცემულია სტალინის პირადი ბიბლიოთეკის სრული სია, რომელიც მოიცავს 392 ერთეულს. ამასთან, ამ ნუსხაში მხატვრული ლიტერატურა ძალიან ცოტაა და წარმოდგენილია ივან ტოლსტოის სამიოდე, ლევ ტოლსტოის და სალტიკოვ-შჩედრინის თითო-თითო ნაწარმოებით. ბიბლიოთეკის ძირითად ნაწილს შეადგენს: ლენინის (72 ტომი), მარქსის და ენგელსის (13 ტომი), თვით სტალინის (25 ტომი), ტროცკის, კაუცკის, პლეხანოვის, ბოგდანოვის, ბუხარინისა და სხვა მარქსისტების წიგნები. ბიბლიოთეკაში მარქსისტული ლიტერატურა 200 ტომზე მეტია. მრავლად არის ასევე წიგნები ომზე, ავიაციაზე, რუსეთისა და საქართველოს ისტორიაზე.

„სტალინი ხშირად აღწერილია, როგორც პედანტი რედაქტორი. თუმცა ის იშვიათად ადასტურებდა ამ რეპუტაციას. მისი ბიბლიოთეკა სავსეა წიგნებით, რომლებშიც შესწორებები ქრება პირველი რამდენიმე გვერდის შემდეგ, დროის ან მოთმინების ნაკლებობის გამო“.

დევიდ ბრანდერბერგერი (ამერიკელი ისტორიკოსი, სტალინის ეპოქის მკვლევარი), „სტალინი, როგორც სიმბოლო: პიროვნების კულტის და მისი კონსტრუქციის კვლევა“.

„იოსებ სტალინი: ძალაუფლება და იდეები“ ახალი საარქივო მასალები სარა დევისის და ჯეიმს ჰარისის რედაქციით, გამომცემლობა "არტანუჯი“, 2015 წელი

 

სტალინი დღეში ღებულობდა 50-ზე მეტ დოკუმენტს. ეს გახლდათ დადგენილებები, დადგენილებების პროექტები, რომლებსაც ჯუღაშვილი რედაქტირებას უკეთებდა. იგი ასევე ყოველდღიურად ღებულობდა უცხოური პრესის მიმოხილვას, მოსკოვში აკრედიტირებული ჟურნალისტების სტატიებს. სტალინი ხშირად თვითონ უკეთებდა რედაქტირებას გაზეთ „პრავდის“ მოწინავე სტატიებს. კოლექტივიზაციის დროს ამ ზღვა დოკუმენტებს ემატებოდა ყოველდღიური ინფორმაცია ხორბლის დამზადებაზე, ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს - ყოველდღიური ინფორმაცია ესპანეთიდან, დიდი ტერორის დროს - სხვადასხვა პირების დაკითხვების ოქმები, ხოლო 1938 წლის თებერვლიდან - ყოველდღიური ინფორმაცია ავიამრეწველობაზე. თუ ამას დავუმატებთ დროს, რომელსაც სტალინი უთმობდა თათბირებს ან რეგულარულ ღამის ვახშმებს და კინოფილმების ყურებას ვიწრო წრეში (მაგალითად, ფილმი „ჩაპაევი“ მან 38-ჯერ ნახა 1934-1936 წწ.-ში), გასაგები ხდება, რომ ჯუღაშვილი ვეღარ იცლიდა კლასიკური ლიტერატურის წასაკითხად.

ლაშა ოთხმეზური, რადიო თავისუფლება, „სტალინი ინტელექტუალი“

სტალინი, მსგავსად ყველა ეპოქის დიქტატორისა, ბუნებრივია, ცდილობდა თავი წარმოეჩინა, როგორც ყველაზე ინტელექტუალ, ბრძენ ლიდერად. ამიტომაც ის ერეოდა ყველა საკითხში და ცდილობდა, მათი განხილვა მისთვის სასურველი მიმართულებით წარემართა. სტალინი, როგორც თეორეტიკოსი, პირველად ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით აყალიბებს თავის თვალსაზრისს ნაშრომში „მარქსიზმი და ეროვნული საკითხი“ (1913 წელი). შემდგომი მისი უფრო ფართოპლანიანი თეორიული შრომაა „ლენინიზმის საფუძვლები“ (1924 წელი), სადაც ის შეეცადა თავი წარმოეჩინა „ფართო თეორიული ჰორიზონტის მქონე ბოლშევიკ ლიდერად“. ეს წიგნი ძალიან დაეხმარა მას, თავი დაემკვიდრებინა მარქსისტ თეორეტიკოსთა შორის, თუმცა სტალინის ამბიცია ბევრად მეტი იყო. ომის შემდგომ სტალინს, ძალაუფლებაზე კონტროლის მუდმივი ზრუნვის გარდა, გაუჩნდა მნიშვნელოვანი ამოცანა - მარქსიზმის დოგმატური და საბჭოთა სისტემასთან წინააღმდეგობაში არსებული იდეების ნაცვლად შეემუშავებინა საკუთარი პოლიტიკური თეორია, რომელიც მარქსიზმ-ლენინიზმზე აღმატებული იქნებოდა და დაემკვიდრებინა საბჭოთა საზოგადოებისთვის სავალდებულო ახალი დოგმატიკა.

ტოტალიტარული რეჟიმისთვის მეცნიერების მართვას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. ერთი მხრივ, მეცნიერებაზე კონტროლი იძლეოდა იმის საშუალებას, რომ რეჟიმისთვის მისაღები სამეცნიერო დარგები და იდეები განვითარებულიყო და, იმავდროულად, შეზღუდულიყო თავისუფალი და მრავალფეროვანი სამეცნიერო აზროვნება, კვლევა. მეცნიერებაზე კონტროლის გასაიოლებლად, საბჭოთა იდეოლოგია, პოლიტიკის კვალდაკვალ, ქმნიდა გენერალურ ხაზს - მეცნიერების დარგებშიც არსებობდა გენერალური მიმართულებები, რომლებსაც აყალიბებდა ერთი ლიდერი მეცნიერი ან მეცნიერთა ჯგუფი და მისგან განსხვავებული აზრის გამოთქმა დაუშვებელი იყო. საბჭოთა მეცნიერებაში ასეთი კორიფეები იყვნენ: ბიოლოგიაში - ი. მიჩურინი, ფიზიოლოგიაში - ი. პავლოვი, ენათმეცნიერებაში - ნ. მარი.

1948 წელს სტალინი მჭიდროდ თანამშრომლობდა ტ. ლისენკოსთან, რომ საბჭოთა კავშირში გ. მენდელის გენეტიკის შესწავლა აეკრძალა.

1937 წელს სტალინმა დაუკვეთა „პოლიტეკონომიის მოკლე კურსი“, რომელიც „კომუნისტური პარტიის ისტორიის მოკლე კურსის“ მეწყვილე უნდა ყოფილიყო. ეს წიგნი 16 წელი იწერებოდა და სტალინისთვის სასურველ კონდიციამდე მაინც ვერ მივიდა. ის ავტორებისგან მოითხოვდა, დაეცვათ მარქსიზმ-ლენინიზმის დოგმები, მაგრამ, იმავდროულად, შეექმნათ ორიგინალურ ნაშრომი. ამასთან აფრთხილებდა: „თუკი თქვენ ყველაფერზე პასუხს მარქსში ეძებთ, მაშინ არასწორ გზას ადგახართ... საბჭოთა კავშირში თქვენ გაქვთ ლაბორატორია... და თქვენ ფიქრობთ, რომ მარქსმა თქვენზე მეტი იცის სოციალიზმის შესახებ?!“

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ საბჭოთა კავშირში მნიშვნელოვნად შეიცვალა სოციალური გარემო. ომგამოვლილი ხალხის კალაპოტში მოსაქცევად აუცილებელი იყო იდეოლოგიური ვითარების შემოწმება, ხომ არ დაკარგა საბჭოთა რეჟიმმა გავლენა საზოგადოებაზე. პოლიტიკაში ასეთი შემოწმების შედეგი იყო რეპრესიების განახლება და მილიონობით მოქალაქის გადასახლება გულაგის ბანაკებში.

მეცნიერებაში შემოწმების მეთოდი იყო სამეცნიერო დისკუსიების დაწყება ცალკეულ დარგებში გაბატონებული სამეცნიერო იდეების წინააღმდეგ. ამ ვითომ გახსნილი და თავისუფალი სამეცნიერო დისკუსიის (რომელიც სინამდვილეში ზემოდან კონტროლდებოდა) მიზანი იყო შემოწმებულიყო როგორც მოქმედი წამყვანი სამეცნიერო იდეის მდგრადობა, აგრეთვე შერჩეულიყო ახალი წამყვანი იდეა, თუკი მანამდე გაბატონებული ვეღარ ასახავდა ხელისუფლების მოთხოვნებს. იდეოლოგიის ერთადერთი და ავტორიტეტული ინტერპრეტატორი იყო სტალინი. მისი დასკვნითი სტატიის ან საჯარო გამოსვლის შემდეგ დისკუსია იხურებოდა.

ამგვარი ჩარევის კარგი მაგალითია 1950 წელს ენათმეცნიერებაში წარმოებული ე. წ. საჯარო დისკუსია მარისტებსა და ანტიმარისტებს შორის. დისკუსია დაიწყო აკადემიკოს არნოლდ ჩიქობავას წერილით კანდიდ ჩარკვიანისადმი. ისინი შეხვდნენ სტალინს, რომელმაც მისცა დისკუსიის დაწყების ნება. ნიკო მარის აზრით, საბჭოთა ენათმეცნიერების მთავარ მიზანი იყო მსოფლიო ენის შექმნა, იგი აგრეთვე მოითხოვდა ლათინური ანბანის დამკვიდრებას კავკასიის რესპუბლიკებში. მარის კოსმოპოლიტური თეორიის წინააღმდეგ ჩიქობავა იშველიებდა თავად სტალინის მოსაზრებას, რომ პროლეტარიატის დიქტატურის პირველ ეტაპზე ერებსა და ენებს უნდა ეარსებათ. მარის ინტერნაციონალური და ეკონომიკაზე დაფუძნებული ენათმეცნიერული შეხედულებები არ ასახავდა ომის შემდგომ აქცენტებს.

სწორედ სტალინიზმის თეორიის ცალკეულ საკითხებზე შეხედულებების შესამუშავებლად აქეზებდა იგი სხვადასხვა ტიპის დისკუსიებს. საბოლოო ჯამში, სტალინიზმი - ჩამოყალიბებული კონცეფციის სახით არ შექმნილა და პოლიტიკურ-ეკონომიკური თუ სამეცნიერო დისკუსიებიც ისტორიას შემორჩა როგორც მოხუცი დიქტატორის უკანასკნელი ახირებები.

49.

No Comments Yet.