მითი 2 – ადამიანთა მასობრივი დახვრეტების შესახებ სტალინმა არაფერი იცოდა

მითი 2 - „ადამიანთა მასობრივი დახვრეტების შესახებ სტალინმა არაფერი იცოდა“

ეს მითი გვხვდება ორი ვერსიით: პირველ ვარიანტში მოცემულია დაშვება, რომ სტალინი სამართლიანად ეძებდა და ანადგურებდა ხალხის მტრებს, რადგან ისინი ხელს უშლიდნენ კომუნისტური საზოგადოების შენებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად ჩატარებულ „დიდ წმენდას“ შესაძლოა უდანაშაულო ხალხიც ეწირებოდა, მაგრამ ეს იყო მსხვერპლი, გაღებული „დიადი მიზნისთვის“. მეორე ვერსიის მიხედვით, ადამიანების მასობრივი დახოცვა ნებისმიერ შემთხვევაში დანაშაულია, თუმცა ცდილობენ ამტკიცონ, რომ ხალხის მასობრივი განადგურება და გადასახლება სტალინის უჩუმრად ხდებოდა, მას არც ერთი შესაბამისი ბრძანება არ გაუცია. მაშასადამე, მან არაფერი იცოდა რეპრესიებზე და, როცა მის ყურამდე მსგავსი ამბავი აღწევდა, პასუხს ამ საქმის რეალურ ხელმძღვანელებს სთხოვდა.

მმართველობის ტოტალიტარული სისტემისთვის დამახასიათებელია მოსახლეობის მასობრივი კონტროლი და დაშინება. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ საბჭოთა რეჟიმისთვის ტერორი და რეპრესიები მუდმივ, მასობრივ ხასიათს ატარებდა.

რეპრესიების პირველი ტალღა, ე. წ. „წითელი ტერორი“ 1918-1922 წლებში სამოქალაქო ომის, სოციალური დაპირისპირების, შიმშილობის ფონზე მიმდინარეობდა. ბოლშევიკებმა ხელისუფლების შესანარჩუნებლად სწორედ მასობრივ ტერორს მიმართეს. რეპრესიების პირველი ტალღის სათავეში ლენინი, ტროცკი და ძერჟინსკი იდგნენ. ეს პერიოდი საბჭოთა ისტორიაში ცნობილია „სამხედრო კომუნიზმის“ სახელით.

ტამბოვის გუბერნიაში გლეხთა აჯანყების გამოწესრიგის დასამყარებლად

სრულიად რუსეთის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის სრულუფლებიანი კომისიის ბრძანება # 171

1. ადგილზე გაუსამართლებლად დაიხვრიტონ მოქალაქეები ვინც არ იტყვიან თავის სახელს.
2. სოფლებში, სადაც იმალება იარაღი აიყვანონ მძევლები და დახვრიტონ ისინი იარაღის ჩაუბარებლობის შემთხვევაში.

3.დამალული იარაღის პოვნის შემთხვევაში, ადგილზე, გაუსამართლებლად დაიხვრიტოს ოჯახის უფროსი მუშაკი.

4.ოჯახი, რომელშიც დაიმალა ბანდიტი დაპატიმრებული და გუბერნიიდან გასახლებული უნდა იქნას. უნდა მოხდეს მისი ქონების კონფისკაცია. ამ ოჯახის უფროსი მუშაკი ადგილზე უნდა დაიხვრიტოს გაუსამართლებლად.

5. ბანდიტების ოჯახის წევრების თუ ქონების დამმალავი ოჯახები ბანდიტებად უნდა იყვნენ განხილული. ამ ოჯახის უფროსი მუშაკი ადგილზე დაიხვრიტოს გაუსამართლებლად.
6. ბანდიტის ოჯახის გაქცევის შემთხვევაში ამ ოჯახის ქონება განაწილდეს საბჭოთა ხელისუფლების ერთგულ გლეხებს შორის. დატოვებული სახლები დაიწვას ან დაიშალოს.
7. ეს ბრძანება შესრულდეს მკაცრად და დაუნდობლად.

 საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომისიის თავმჯდომარე ვლადომერ ანტონოვ-ოვსეენკო და წითელი არმიის სარდალი მიხეილ ტუხაჩევსკი

ქალაქი ტამბოვი, 11 ივნისი, 1921 წელი.

ტულის ოლქის სახელმწიფო არქივი, ფ.რ. – 4049, აღწერა 1, საქმე 5, ფურცელი 45

1923-1926 წლებში „ნეპისა“(1) და ბოლშევიკურ სახელისუფლებო ელიტაში ძალაუფლებისთვის ბრძოლის პირობებში ტერორის მასშტაბი შედარებით შესუსტდა, ოთხჯერ შემცირდა რეპრესიული პოლიტიკის მთავარი შემსრულებლების - ე. წ. „ჩეკისტების" (2) რაოდენობაც.

ლენინის გარდაცვალების შემდეგ ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად  იბრძოდა კომუნისტური პარტიის სამი დაჯგუფება: სტალინელი ცენტრისტები, ტროცკისტელი (3) მემარცხენეები და ბუხარინელი (4) მემარჯვენეები. უპირატესობა მოიპოვეს სტალინელმა ცენტრისტებმა და შემდგომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად თანამიმდევრულად გაანადგურეს ოპონენტები. პირველი მსხვერპლი ტროცკისტები გახდნენ, რომლებიც 20-იანი წლების ბოლოს პარტიულ ბრძოლაში დამარცხდნენ, ხოლო მათი მეთაური ლევ ტროცკი 1929 წელს საბჭოთა კავშირიდან გააძევეს. ამის შემდეგ სტალინელები იოლად გაუსწორდნენ ბუხარინელებს და 30-იან წლებში ერთადერთ გაბატონებულ ძალად იქცნენ.

ძალაუფლების განსამტკიცებლად სტალინმა რეპრესიების ახალი ტალღა წამოიწყო. 1926 წელს მიღებულმა ახალმა სისხლის სამართლის კოდექსმა დაამკვიდრა ახალი საბრალდებო დეფინიცია: „სოციალურად საშიში პირი“, რაც დევნის საფუძველი გახდა. სპეკულაციის (3) წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა (4). უნდა აღინიშნოს, რომ, ზოგადად, ახალი საზოგადოების შექმნის სტალინისეული გეგმა ეფუძნებოდა საბჭოთა სისტემისთვის უცხო სოციალური ელემენტების (ბურჟუა სპეციალისტები, ყოფილი თავადაზნაურობა, სამღვდელოება, წვრილი მრეწველები, კომერსანტები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები) ეტაპობრივ ლიკვიდაციას. 1928 წელს დაიწყო ფართომასშტაბიანი კამპანია მათ წინააღმდეგ: ჩამოერთვათ ყოველგვარი მოქალაქეობრივი უფლება, გამოყარეს საცხოვრებელი ბინებიდან, დააქვეითეს სოციალურ კიბეზე, წაართვეს სასურსათო ბარათები, აუკრძალეს სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა, გადაასახლეს. რეპრესიების მეორე ტალღის პიკი ემთხვევა კოლექტივიზაციის პერიოდს. შესაბამისად, მსხვერპლთა უმეტესობა იყო ე. წ. „კულაკები“, გლეხობის შეძლებული და საშუალო ფენა.

რეპრესიების მესამე ტალღა, რომლითაც დასრულდა სტალინის ძალაუფლების პირამიდის მშენებლობა, ემთხვევა 1935-1938 წლებს. მისი დაწყების საბაბად იქცა 1934 წლის 1 დეკემბერს ცნობილი ბოლშევიკის, სერგეი კიროვის საიდუმლოებით მოცული მკვლელობა ლენინგრადში. კიროვის მკვლელების აღმოჩენის საბაბით მთელ ქვეყანაში დაიწყო „ხალხის მტრების“ ძიება. სწორედ ამ მკვლელობის შემდეგ გაიმართა კომუნისტური პარტიის სხვადასხვა მოღვაწის საჩვენებელი სასამართლო პროცესები. 1934 წლის 1 დეკემბერსვე საბჭოთა კავშირის ცაკმა და სახალხო კომისართა საბჭომ სტალინის ინიციატივით მიიღო დადგენილება „მოკავშირე რესპუბლიკებში მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, სადაც ზედმიწევნით ზუსტად იყო ჩამოყალიბებული, თუ როგორ უნდა ემოქმედათ ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ და ტერორისტული აქტების მოწყობაში ბრალდებულთა მიმართ - გამოძიება უნდა დაემთავრებინათ არაუმეტეს 10 დღეში; საქმე უნდა განეხილათ მხარეების გარეშე; განაჩენის საკასაციო გასაჩივრება, ისევე როგორც შეწყალების შუამდგომლობა აიკრძალა;  განაჩენი - სასჯელის უმაღლესი ზომა გამოცხადებისთანავე, დაუყოვნებლივ უნდა აღსრულებულიყო. ამ დადგენილებით, ნებისმიერს, ვინც ტერორიზმში იქნებოდა ეჭვმიტანილი, ფაქტობრივად, სასამართლოს გარეშე ხვრეტდნენ.

თითოეული დაპატიმრებულისგან მოითხოვდნენ 10-20 „თანამზრახველის“ დასახელებას. მსხვერპლის რაოდენობამ ჯერ ათასებს, ცოტა ხანში კი მილიონებს მიაღწია. ეს რეპრესიები, სამოქალაქო ომისა და 1920-იანი წლების რეპრესიებისგან განსხვავებით, გამოირჩეოდა თვით ბოლშევიკური პარტიის წევრების მასობრივი პოლიტიკური და ფიზიკური განადგურებით. რეპრესიების უნებლიე თუ ნებაყოფლობით მონაწილეებად იქცა პარტიის პრაქტიკულად ყველა უმაღლესი ხელმძღვანელი - ყველა იძულებული ხდებოდა, როგორც მინიმუმ, დაეგმო „ხალხის მტერი“ და ხშირად ხელი მოეწერათ კიდეც შესაბამის დოკუმენტებზე. რეპრესიების ზოგიერთი აქტიური ორგანიზატორი (ჰ. იაგოდა, ნ. ეჟოვი, პ. პოსტიშევი, ვ. აბაკუმოვი) შემდგომში თავად გახდა „წმენდის“ მსხვერპლი, სხვები (მაგალითად, ლ. ბერია, ვ. დეკანოზოვი და სხვა) უკვე სტალინის სიკვდილის შემდეგ გაასამართლეს.

1937 წლის 2 ივლისს სტალინმა ტელეგრამა გაუგზავნა პარტიის რეგიონალურ ხელმძღვანელებს და უბრძანა მათ, ხუთი დღის განმავლობაში კრემლში გაეგზავნათ რეგიონში არსებული კულაკებისა და „სოციალურად მავნე სხვა ელემენტების“ სია. სიაში მოხვედრილი პირები გაყვეს შემდეგ ორ კატეგორიად: პირველში შეიყვანეს „უაღრესად სახიფათო“ პირები, რომლებიც უნდა დაეხვრიტათ, ხოლო მეორე კატეგორიის მოქალაქეები ათი წლით უნდა გაემწესებინათ საკონცენტრაციო ბანაკებში. სიების დაზუსტებისა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სადამსჯელო ჯგუფების მობილიზების შემდეგ, 30 ივლისს, სტალინმა გამოსცა ბრძანება N°00447 „ყოფილი კულაკების, კრიმინალებისა და სხვა სახის ანტისაბჭოთა ელემენტების რეპრესიის შესახებ“. ამ ბრძანების მიხედვით, ყველა რეგიონს გამოეყოფოდა ჯამში: პირველი კატეგორიით (დახვრეტა) დასასჯელ ადამიანთა ლიმიტი 76 ათას ადამიანზე და მეორე კატეგორიის ლიმიტი − 193 ათას ადამიანზე. ოპერაცია უნდა დაწყებულიყო 5-იდან 15 აგვისტომდე და დამთავრებულიყო ოთხ თვეში. ოთხი თვის ნაცვლად ოპერაციამ 15 თვეს გასტანა და შესაბამისად გაიზარდა ლიმიტებიც: პირველი კატეგორიის ლიმიტი სტალინმა გაახუთმაგა, ხოლო მეორე - გააორმაგა. 1937-1939 წლებში, ბრძანება N°00447-ის ფარგლებში, სტალინმა 767 ათასი კაცი დააპატიმრებინა, რომელთაგან დაახლოებით ნახევარი დახვრიტეს.

1936-1938 წლებში განხორციელებული რეპრესიების ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. ცნობილია, რომ საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ამ წლებში 7-8 მილიონზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. ე. წ. „ტროიკების“ (სამეული - სამი ადამიანისგან შემდგარი სასამართლო) გადაწყვეტილებით დახვრეტილია 1,5 მილიონზე მეტი, აქედან 700 ათასი უბრალო მუშა იყო. 2 მილიონი გულაგებში, გადასახლებაში გარდაიცვალა (უფლებადაცვითი ცენტრის, „მემორიალის“ მონაცემები).

ამ წლების ტერორის დამახასიათებელი ნიშანი იყო ის, რომ იგი, უპირველეს ყოვლისა, მიმართული იყო არა მარტო პარტიულ ბრძოლაში დამარცხებული კომუნისტების, არამედ არსებითად მთელი ხალხის წინააღმდეგ. კერძოდ, ამ წლებში ფიზიკურად გაანადგურეს საბჭოთა ინტელიგენციის, სამღვდელოების, აგრეთვე მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც უფრო ადრეული ხანის წითელ ტერორს გადაურჩნენ.

რეპრესიების მასობრიობა აიხსნება იმით, რომ მოკავშირე რესპუბლიკებსა თუ ოლქებში, ადგილობრივი პარტიული თუ აღმასრულებელი აპარატები კიდევ უფრო მეტ მონდომებას იჩენდნენ - „ზემოდან“ წამოსული ბრძანება „ყოფილი კულაკების, კრიმინალების და სხვა ანტისაბჭოთა ელემენტების ლიკვიდაციის“ შესახებ ადგილებზე დიდი ენთუზიაზმით სრულდებოდა. თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია - კრემლში შედგენილი, სტალინის და პოლიტბიუროს სხვა წევრების მიერ ხელმოწერილი, რესპუბლიკების, ოლქებისა და რაიონების მიხედვით გაწერილი დასაპატიმრებელთა და დასახვრეტთა კვოტების რაოდენობის გაზრდას ითხოვდნენ ადგილებიდან, ცდილობდნენ, გეგმა აქაც გადაჭარბებით შეესრულებინათ, ანუ იმაზე მეტი დაეჭირათ და დაეხვრიტათ, ვიდრე ცენტრი ითხოვდა.

სტალინური რეპრესიების მნიშვნელოვანი სამიზნე ინტელექტუალური ფენის წარმომადგენლები იყვნენ: საზოგადო მოღვაწეები, ხელოვანები, პედაგოგები და მათი ოჯახის წევრები. პოლიტიკურ ტერორს ახორციელებდა ჩეკა (საგანგებო კომიტეტი), რომლის წევრთა შემადგენლობა 30-იან წლებში წითელი არმიის რაოდენობას უტოლდებოდა. დაპატიმრებულ საბჭოთა მოქალაქეს ჩეკა ბრალს სდებდა საბოტაჟში, სამშობლოს ღალატში, ჯაშუშობაში და წამებით აიძულებდა ეღიარებინა „დანაშაული“. განაჩენი გამოჰქონდა ე. წ. „ტროიკას“, უსჯიდნენ დახვრეტას ან 5-იდან 25 წლამდე გულაგში გადასახლებას. ხალხის მასებზე ზეგავლენის მოსახდენად ეწყობოდა ცნობილი ადამიანების გასამართლების საჯარო პროცესები. ამ მოვლენებში დიდ როლს თამაშობდნენ თავად საბჭოთა მოქალაქეები. ისინი ანონიმური წერილებით ასმენდნენ საკუთარ მეზობლებს, ნათესავებს, მეგობრებს. ერთი, ოდნავ დაუფიქრებელი სიტყვა და ვიღაც აუცილებლად დაგასმენდა. როგორც ამბობენ, სტალინის დროს კედლებსაც კი ყურები ჰქონდა. ეს არ იყო მხოლოდ ხატოვანი გამოთქმა. საბჭოთა ქალაქებში ოჯახების უმეტესობა ცხოვრობდა ვიწრო, კომუნალურ ბინაში, რომლის კედლებსაც კი მეზობლებთან იყოფდა.

საჩვენებელი პროცესები

საჩვენებელი პროცესები საბჭოთა პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. სტალინი ამ პროცესებს დგამდა, რათა საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, თუ ვინ და რა ქმნიდა საფრთხეს, მოქალაქეები დაერაზმა საფრთხის გამოსავლენად, დამნაშავეების გასანადგურებლად. მუდმივი შიშისა და დაძაბულობის ატმოსფეროში საბჭოთა მოქალაქეები იძულებული იყვნენ, ეძებათ ქომაგი და გადამრჩენელი. ხალხის ეს განწყობა სტალინის ძალაუფლების მთავარ წყაროს წარმოადგენდა.

საჩვენებელი პროცესების ამ დანიშნულების შესახებ დაუფარავად ლაპარაკობდა თავის გამოსვლებში საბჭოთა კავშირის გენერალური პროკურორი ვიშინსკი, რომელიც 30-იანი წლების პროცესებზე სახელმწიფო ბრალმდებლად გამოდიოდა: „მთელი ჩვენი ქვეყანა, ახალგაზრდა თუ მოხუცი, ელოდება და ითხოვს ერთადერთს: დაიხვრიტონ მოღალატეები და ჯაშუშები, რომლებმაც უღალატეს სამშობლოს... ჩვენს თავზე, ჩვენი ბედნიერი ქვეყნის თავზე, ისევ ისეთი ძალით და სიხარულით გაანათებს მზე. ჩვენ, ჩვენი ხალხი, ისევ ძველებურად ვივლით წარსულის უკანასკნელი უწმინდურობისა და ჭუჭყისგან გაწმენდილ გზაზე, წინ გაგვიძღვება ჩვენი საყვარელი ბელადი და მასწავლებელი - დიადი სტალინი - სულ წინ და წინ, კომუნიზმისკენ!“

პირველი ღია პროცესი 1936 წელს, ზაფხულში, კამენევისა (7) და ზინოვიევის (8) წინააღმდეგ გაიმართა. მალევე მოსკოვიდან ადგილებზე გაიგზავნა ინსტრუქცია, რომლის მიხედვით შინსახკომს ყველა რესპუბლიკაში უნდა აღმოეჩინა მსგავსი ტერორისტული ცენტრი, რომელსაც კონსპირაციული კავშირი ექნებოდა მოსკოვის მთავარ ორგანიზაციასთან. ეს გეგმა შინსახკომს მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით მასობრივი დაპატიმრებების საშუალებას აძლევდა.

ყველაზე ხმაურიანი იყო 1936 წ. აგვისტოს, 1937 წ. იანვრის, 1938 წ. მარტის

პროცესები მემარჯვენე-ტროცკისტული ოპოზიციის წინააღმდეგ (ზინოვიევი, კამენევი, კრესტინსკი, რიკოვი, პიატაკოვი, ბუხარინი, რადეკი და ა. შ.). ბრალდების ფორმულირებით, მათ აღიარეს „ტერორისტული ცენტრების“ შექმნა, რომელთა მიზანი იყო საბჭოთა მთავრობის დამხობა, კაპიტალიზმის აღდგენა, საბოტაჟების მოწყობა, საბჭოთა კავშირის დაშლა და მისგან უკრაინის, ბელორუსიის, საქართველოს, სომხეთის, საბჭოთა შორეული აღმოსავლეთის მოწყვეტა.

6.

„საბჭოთა სასამართლო, ხალხის სასამართლო“, მხატვარი: ლ. გოლოვანოვი, 1991 წელი.
ეს საბჭოთა პროპაგანდისტული პლაკატი, რომელზეც მოსამართლეთა სამეული, ე.წ. „ტროიკაა“ ასახული, მიზნად ისახავდა რიგით საბჭოთა მოქალაქეებში სასამართლოსადმი დაკარგული ნდობის აღდგენას.

გულაგი

პირველი გულაგის (9) ბანაკი შეიქმნა სოლოვეცკის არქიპელაგზე (თეთრ ზღვაში არსებული ხუთი კუნძული), სადაც მოეწყო სოლოვეცკის სპეციალური ბანაკები (სსბ). ჩრდილოეთის მკაცრი კლიმატის რაიონებში შემდგომ პერიოდში კიდევ დაარსდა ახალი ბანაკები და ეწოდა ჩრდილოეთის სპეცდანიშნულების ბანაკების სამმართველო. ტერმინი „გაკულაკება“ გულაგს უკავშირდება და შეძლებული გლეხობის გულაგის ბანაკებში დეპორტაციას გულისხმობდა.

1929 წლიდან 1953 წელს სტალინის გარდაცვალებამდე, გულაგი, სავარაუდოდ, 14 მილიონამდე ადამიანმა გამოიარა. იქ 1,6 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. ბანაკებში მყოფთ უხეიროდ კვებავდნენ, მხოლოდ მინიმალურ სამედიცინო დახმარებას უწევდნენ, არ უზრუნველყოფდნენ იქაური უამინდობისთვის საჭირო ტანისამოსით. ფაქტობრივად, არ არსებობდა თანამედროვე სამუშაო იარაღები და დანადგარები.

გულაგის ადგილმდებარეობა ეკონომიკურ მიმართულებებს ესადაგებოდა. ბანაკების უმეტესობას ევალებოდა კონკრეტული ეკონომიკური ამოცანების შესრულება ინდუსტრიალიზაციის ჩარჩოებში - ხე-ტყის დამზადება, მაღაროებში მუშაობა და სამრეწველო პროექტების მშენებლობა.

სახელმწიფო პროპაგანდა ხოტბას ასხამდა უზარმაზარ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებსაც „თავბრუდამხვევი სისწრაფით“ ახორციელებდნენ, რათა ძლიერი მრეწველობის ქვეყნად ექციათ სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებული, აგრარული იმპერია. თუმცა ბევრი საჩვენებელი პროექტი - როგორიც იყო მოსკოვ-ვოლგის არხი, „ბელომორკანალი“ (თეთრი ზღვა-ბალტიის ზღვის არხი) და ტრანსპოლარული სარკინიგზო მაგისტრალი - ნაწილობრივ ან მთლიანად გულაგის პატიმრების ხელით შენდებოდა.

პატიმართა ბანაკების ქსელი ქვეყნის დიდ ნაწილში იყო გადაშლილი. საბჭოთა კავშირის საიდუმლო პოლიციის არქივებში ყოველი წლის 1 იანვარს ახდენდნენ ბანაკებისა და კოლონიების პატიმართა რეგისტრაციას. თუმცა, როგორც ცნობილი ამერიკელ-ბრიტანელი ჟურნალისტი და მწერალი ენ ეპლბაუმი აღნიშნავს 2003 წელს გამოცემულ თავის წიგნში „გულაგი: ისტორია“, ეს მონაცემები არ ასახავდა პატიმართა მაღალ ფლუქტუაციას წლის განმავლობაში. მთლიანობაში, გულაგი განუხრელად იზრდებოდა სტალინის მმართველობისას, მაგრამ ყველაზე მკვეთრი ზრდა შეინიშნებოდა დიდი ტერორის დროს, 1936-1938 წლებში, და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გულაგში გაამწესეს მილიონზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი, რომლებიც ცოცხლები გადაურჩნენ ნაცისტების სამხედრო ტყვეთა ბანაკებს.

9.

გულაგის პატიმართა რაოდენობის დინამიკა წლების მიხედვით: 1930-1953 წ.

1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, კომუნისტური სახელმწიფო გულაგის სისტემის დემონტაჟს შეუდგა. 1954 წელს დაიწყეს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და სისტემა ოფიციალურად გაუქმდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დეკრეტით, რომელიც 1960 წლის 25 იანვრით თარიღდება.

7.

გულაგის ბანაკი - ვორკუტა. ფოტო ტომას კინზის ფოტო ალბომიდან.

8.

პოლიტპატიმრები აშენებენ რკონიგზას კომში. 1941 წელი.

1111

დანციგ ბალდაევი იყო გულაგის თანამშრომელი, ზედამხედველი, რომელიც იქ მუშაობის პერიოდში აკეთებდა ჩანახატებს. მისი ნახატები ცნობილი გახდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, თუმცა რუსეთში მისი წიგნის გამოცემა შეუძლებელი გახდა. სამაგიეროდ, მოგვიანებით გამოიცა ამერიკაში. შემდეგ კი ითარგმნა რუსულად და ქართულად. ბალდაევის ნახატები ასახავს პატიმრების ყოფას გულაგში.

 საბჭოთა რეპრესიები საქართველოში

საქართველოში რეპრესიები დაიწყო ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარებისთანავე. მასობრივი რეპრესიის პირველმა ტალღამ გადაიარა 1924 წლის აჯანყების ჩახშობისას - დასაჯეს აჯანყების მონაწილენი, მონაწილეობაში ეჭვმიტანილები, მათი ოჯახის წევრები და ახლობლები. საქართველოში რეპრესიების მეორე ტალღა 30-იან წლებს და უშუალოდ ლავრენტი ბერიას სახელს უკავშირდება. ლავრენტი ბერია 1932 წლიდან ერთდროულად იყო ამიერკავკასიის სფსრ (10) პარტიის ცეკას და საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. იგი საქართველოში პოლიტიკურ რეპრესიებს მოსკოვში შემუშავებული მეთოდებით ახორციელებდა. ბერიამ, უწინარეს ყოვლისა, თავიდან მოიშორა ძველი ბოლშევიკი რევოლუციონერები და მათ ადგილზე ახალი, თავისი და სტალინის პოლიტიკური კურსის მომხრე კადრები დააწინაურა. რეპრესიებს გადარჩენილი ძველი ბოლშევიკები თითქმის აღარანაირ როლს აღარ თამაშობდნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში.

საქართველოს კომუნისტურ პარტიაში მიმდინარე რეპრესიების პარალელურად, 30-იან წლებში ფართომასშტაბიანი რეპრესიები განხორციელდა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებში, წითელი არმიის ქართულ ეროვნულ შენაერთებში. 30-იანი წლების რეპრესიებმა შეიწირა ისეთებიც, რომელთაც საერთოდ არაფერი აკავშირებდათ პოლიტიკურ ცხოვრებასთან, უბრალოდ ინტრიგების მსხვერპლნი გახდნენ. რეპრესიები არ იყო ერთჯერადი, იგი პერმანენტულად მიმდინარეობდა. იყო შემთხვევები, როდესაც რეპრესიების მორიგ ტალღას ეწირებოდნენ ისინი, რომელთაც წინა წლებში თავად  დასაჯეს მრავალი უდანაშაულო ადამიანი სიკვდილით.

30-იანი წლების რეპრესიებს კიდევ ერთი თავისებურება ახასიათებდა: ხელისუფლება ცდილობდა, უდანაშაულოდ სიკვდილით დასჯილის თითოეული საქმე (ძიების მასალები, სასამართლო პროცესი, განაჩენი) ისე ეწარმოებინა, რომ მისთვის კანონიერი სახე მიეცა. სინამდვილეში, ყოველი დასჯილის საქმეში უხვადაა გაყალბებული მასალები (დაკითხვის ოქმები, წამების გზით გამოძალული ჩვენებები და აღიარებები, წინასწარ შეთითხნილი დასმენები და ა. შ.). ხშირი იყო შემთხვევები, როცა უდანაშაულოდ დაპატიმრებულებს ძიების დამთავრებამდე ან სასამართლომდე ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ხოლო ოფიციალურ დოკუმენტებში აღნიშნავდნენ, რომ პატიმარი გარდაიცვალა.

რეპრესიებს ვერ გადაურჩა ქართველი საზოგადოების მოწინავე და მოაზროვნე ნაწილი, რომელიც 1921 წლიდანვე, აშკარად თუ ალეგორიული ხერხებით, თავისი შემოქმედებით გამოხატავდა თავის განწყობას რუსეთის ბოლშევიკური რეჟიმისადმი. მათ მიმართ რეპრესიებმა ფართო ხასიათი მიიღო 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდგომ. ხელოვანი და შემოქმედი ადამიანები, რომლებიც ტოტალიტარიზმს დაუპირისპირდნენ,  საქართველოს ბოლშევიკთა სათავეში ლავრენტი ბერიას მოსვლის შემდეგ სასიკვდილო ეშაფოტზე აღმოჩნდნენ. დაიწყო ინტელექტუალების შევიწროებისა და დევნის ახალი ეტაპი. ამ შემთხვევაში უხეში ძალის დემონსტრირებას მეთოდურად ცვლიდა მათდამი დაყვავების, „წარსული ცოდვების მიტევების“ პოლიტიკა, რაც მიზნად ისახავდა საბჭოთა წყობილების მხარეზე მათ გადაბირებას.

30-იანი წლების პოლიტიკურ რეპრესიებს შეეწირნენ: მიხეილ ჯავახიშვილი, ევგენი მიქელაძე, ალექსანდრე (სანდრო) ახმეტელი, ტიციან ტაბიძე, ვახტანგ კოტეტიშვილი. ცილისწამებას ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა პაოლო იაშვილმა. მრავალმა ქართველმა ინტელექტუალმა ციხეებსა და შორეულ გადასახლებაში დალია სული. მართალია, ფიზიკურ განადგურებას გადაურჩნენ, მაგრამ უმძიმეს მორალურ-ფსიქოლოგიურ ტერორში აღმოჩნდნენ. აუტანელი ტანჯვა-წამება გამოიარეს ცნობილმა ქართველმა მეცნიერებმა და მწერლებმა: ივანე ჯავახიშვილმა, შალვა ნუცუბიძემ, ვუკოლ ბერიძემ, სიმონ ყაუხჩიშვილმა, ნიკო ლორთქიფანიძემ, კონსტანტინე გამსახურდიამ და სხვებმა. 30-იანი წლების რეპრესიებს შეეწირა მრავალი ცნობილი მეცნიერი, მწერალი, ხელოვნების მოღვაწე, ასევე უდავოდ ნიჭიერი და იმედის მომცემი ახალგაზრდობა.

საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლნი საქართველოში

სამწუხაროდ, საარქივო მასალები არ იძლევა საშუალებას, ზუსტად აღირიცხოს საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა რაოდენობა. საქართველოში საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლთა და რეპრესირებულთა რაოდენობა, შსს-ს საარქივო მასალების მიხედვით, 500 ათასს აჭარბებს.

1921-1990 წლებში საბჭოთა რეჟიმმა სხვადასხვა „დანაშაულის“ გამო დახვრიტა საქართველოს სსრ-ის 17 500 მოქალაქე. ეს მონაცემები, სავარაუდოდ, არასრულია, რადგან საარქივო საქმეთა დიდი ნაწილი განადგურებულია. ასევე, არასრულია მონაცემები 1937-1938 წლებში გადასახლებულთა შესახებ. ამჟამად არქივში არსებული მონაცემებით, მხოლოდ ამ ორ წელიწადში 13 ათასია გადასახლებული. ყურადსაღებია 1941-1951 წლებში საქართველოდან რკინიგზის ეშელონებით შუა აზიასა და ციმბირში გასახლებულთა რაოდენობა - 113 800 ადამიანი - საეშელონო სიის მიხედვით. ეს მაჩვენებელიც სრულყოფილი არ არის, რადგან ამ პერიოდის 40 ათასამდე საქმე დამწვარია. საეშელონო სიის საშუალო მონაცემი 300 ათას ადამიანს მაინც აღემატება. აღნიშნული რაოდენობა დგინდება შემდეგი სახით: თუ ბოლშევიკური ხელისუფლება არასანდოობის ან სხვა ბრალდების გამო აპატიმრებდა ერთ ადამიანს, საეშელონო სიაში ხვდებოდა მისი ოჯახის ყველა წევრი. მაგალითად, არქივში არსებობს დოკუმენტები, რომლის თანახმადაც, კონკრეტული პირის არასანდოობის გამო გადასახლებულია მისი შვიდსულიანი ოჯახი, თუმცა აღრიცხულია როგორც ერთი. უნდა აღინიშნოს, რომ საეშელონო სიით გადასახლებულები, რომლებმაც გაუძლეს სასტიკ პირობებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ბრუნდებოდნენ სამშობლოში. საარქივო მასალებში საკმაოდ ბევრია ისეთი შემთხვევაც, როდესაც ისინი ხელმეორედ ხვდებოდნენ გადასახლებაში.

2.

ე.წ. "პერესტროიკის პერიოდში" კომუნისტური პატიის ცენტრალური კომიტეტის  მიერ წარმოებული საიდუმლო გამოძიების შედეგები, რომელიც ასახავს 30-აინი წლების სტალინური რეპრესიების ოფიციალურ სტატისტიკას.
 3.
საქართველოს კომპარტიის ლიდერის, ლავრენტი ბერიას დეპეშა იოსებ სტალინისადმი გაგზავნილი - თხოვნით საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატს გაეზარდოს პირველი კატეგორიის სასჯელის (პირველი კატეგორია-დახვრეტა, მეორე კატეგორია-გადასახლება) ლიმიტი 1000 კაცით და მეორე კატეგორიის ლიმიტი 500 კაცით. დეპეშაზე ჩანს სტალინისა და პოლიტ. ბიუროს სხვა წევრების თანხმობა.

4.

5.

1937 წელი, 30 ივლისი. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის ოპერატიული ბრძანება # 004447. ანტისაბჭოთა ელემენტების დასასჯელად, პირველი და მეორე კატეგორიის სასჯელის ლიმიტების გაზრდის შესახებ. საქართველოზე დაწესებულია ლიმიტი - 5000 ადამიანი.

ჟოზეფ ბერჟე, ფსიქიატრი: „ვისაც სჯერა, რომ თუნდაც მაღალჩინოსნებს შეეძლოთ მისი ზრახვებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ნიშნავს, რომ მას არაფერი გაეგება სტალინის ბიზანტიური დესპოტიზმისა“.
გულაგის პატიმრის წერილიდან (ის კომპარტიის წევრად დარჩა ბანაკიდან დაბრუნების შემდეგაც): „ჩვენ ყველამ, სტალინის უახლოესი გარემოცვის ჩათვლით, დანაშაულს თავადვე დავუპირისპირეთ დანაშაული. დავიჯერეთ, რომ ყველაფერი, რაც კომპარტიის პოლიტიკურ ძლიერებას განამტკიცებდა საბჭოთა კავშირსა და მსოფლიოში, სოციალიზმის გამარჯვება იქნებოდა“.
ვასილი გროსმანი, მწერალი, ჟურნალისტი, სამხედრო კორესპონდენტი: „მწერლები და სტალინი ერთსა და იმავეს ჩაგვჩიჩინებენ - კულაკები პარაზიტები არიან, მარცვლეულის ყანებს წვავენ და ბავშვებს ხოცავენ. ჩვენ პირდაპირ, მიუკიბ-მოუკიბავად გამოგვიცხადეს, რომ მასები უნდა წარვმართოთ კულაკების წინააღმდეგ და ეგ წყეულები უკლებლივ ყველა უნდა გავანადგუროთ. ლენინმა და სტალინმა სწორედ ეს თქვეს: კულაკები ადამიანები არ არიან“.
სტეფან კურტუა, ფრანგი ისტორიკოსი: „მასობრივი ძალადობის ხარისხი და ხერხები თავდაპირველად კომუნისტებმა შემოიღეს და ნაცისტებმა ეს მხოლოდ და მხოლოდ მათგან ისწავლეს. განსხვავება ის არის, რომ საზოგადოების სტრატებად (კლასებად) დაყოფა ნაცისტებმა შეცვალეს რასობრივი და ტერიტორიული დაყოფით. თუმცა ნაცისტური რეჟიმი 1945 წელს საუკუნის ყველაზე კრიმინალურ რეჟიმად აღიარეს, ხოლო კომუნისტურმა რეჟიმმა 1991 წლამდე შეინარჩუნა ლეგიტიმურობა და დღემდე არ არის გასამართლებული“.
სტეფან კურტუა, ნიკოლა ვერთი, ჟან-ლუი პანე, ანდრეი პაჩკოვსკი, კარელ ბარტოსეკი, ჟან-ლუი მარგოლენი. „კომუნიზმის შავი წიგნი. დანაშაულები, ტერორი, რეპრესია“.
ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2011.
აკაკი ბაქრაძე: მე იმ თაობას ვეკუთვნი, ვისაც სტალინისადმი მიძღვნილ ლექსებს უფრო ადრე აზეპირებინებდნენ, ვიდრე დედას ან მამას წარმოთქმას ისწავლიდა. ნაირ-ნაირი მილეთის, ნაირ-ნაირ ენაზე მოლაპარაკე ხალხი ეთაყვანებოდა და ადიდებდა კრემლის ბინადარს. მისი სურათი ეკიდა ყოველ კედელზე. მისი ქანდაკი იდგა ყოველ ქალაქსა და ყოველ სოფელში. არ დარჩენილა კალამი, მისი სადიდებელი არ შეეთხზა. ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ იგი იყო უფრო დიდი, უფრო მიუწვდომელი, ვიდრე ღმერთი. პროპაგანდის მანქანა მუშაობდა დღედაღამ. ამ აზრს აჭედებდა, როგორც ლურსმანს, ყოველი მოქალაქის გონებაში. რომელიღაც მეცნიერს უთქვამს - გამუდმებულ პროპაგანდას ვერ უძლებს ყველაზე გენიალური რუასიც კი. სწორედ ამის დასტურად გამოდგება ერთი შემთხვევა, რომელიც ყოფილმა პოლიტკატორღელმა მიამბო:

1953 წელს, მარტის პირველ რიცხვებში, საკონცენტრაციო ბანაკში უთავბოლო ფაციფუცი ატყდა. ადმინისტრაცია რეტდასხმული და შეშინებული დარბის წინ და უკან. რაღაც უსაშველოდ მნიშვნელოვანი მოხდა, მაგრამ რა?.. პატიმრები ვერაფერს ვხვდებით. ბოლოს ვიფიქრეთ, ალბათ, ისევ ომი დაიწყოო. მაშინაც ასე იყო, 1941 წლის 22 ივნისს. რამდენიმე დღის მერე ეზოში გამოგვრეკეს. არაჩვეულებრივის მოლოდინში გავინაბეთ. ცივი, სუსხიანი ჰაერი გრომკოგავარიტელის ხმამ გააპო. უცნობმა, სევდითა და ტკივილით გაბზარულმა ხმამ გვაუწყა: - მსოფლიო პროლეტარიატის ბრძენი ბელადი, მამა და მასწავლებელი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი გარდაიცვალა

და რაც მაშინ მოხდა, ამას არავინ მოელოდა. რამდენიმე ათასი კაცი, როგორც ერთი ადამიანი, გათოშილ-გაყინულ მიწაზე დაემხო და გულსაკლავად აზლუქუნდა. მათ შორის მეც. სადღაც, გონების კუნჭულში ჩარჩენილი საღი აზრი დაცინვით მეკითხებოდა: - ნუთუ შენც, სანდრო, სტირი? შენ, ვინც 17 წელიწადია იტანჯები. უპატრონოდ დაგატოვებინეს ცოლ-შვილი, სახლ-კარი. წაგართვეს ყველა უფლება, პირუტყვად გაქციეს, მაინც სტირი? შენ, ვინც ყოველ-წუთს მის სიკვდილზე ოცნებობდი, სტირი ახლა, როცა ოცნება ასრულდა?.. მაგრამ ჩემი არსება არ უგდებს ყურს ჩემ საღ გონებას. სხვებთან ერთად, დამხობილი ვქვითინებ. სხვებთან ერთად, სასოწარკვეთილი ვეკითხები  ცას და ქვეყანას: - რა გვეშველება უსტალინოდ?

 იმ წუთს ამ ნატანჯ, ნაგვემ, მშიერ-მწყურვალ, გაძვალტყავებულ ტუსაღთა შორის არ იყო კაცი, რომლის გონებას ანათებდა იმედის ნაპერწკალი: - დიქტატორი აღარ არის. მოვიდა თავისუფლება!.. არა, არ იყო. უზარმაზარი საკონცენტრაციო ბანაკი, ობლად დარჩენილი უსუსური ბალღივით გულამოფსკვნილი მდუღარედ, უნუგეშოდ შესტიროდა უსასრულო ტაიგას... ასეთი იყო ლეგენდის ძალა. ერთ ფილოსოფოსს უთქვამს, მონობას მიჩვეული ხალხი უარს იტყვის განთავისუფლებაზეო. ასე იყო იმჯერადაც.“

ოპოზიციური ლიტერატურა „ამირანი“, შემდგენელი ნოდარ წულეისკირი, გამომცემლობა „განათლება“, თბილისი, 1990

 

 

No Comments Yet.