მითი 3 – წითელი არმია საქართველოში ლენინმა შემოიყვანა და ამაში სტალინს ბრალი არ მიუძღვის

  „წითელი არმია საქართველოში ლენინმა შემოიყვანა და ამაში სტალინს ბრალი არ მიუძღვის

საბჭოთა რუსეთის ცეკას წევრებს შორის საქართველოს სწრაფი გასაბჭოებით ყველაზე მეტად სტალინი იყო დაინტერესებული. ბოლშევიკური პარტიის ელიტაში მის პოლიტიკურ მდგომარეობას, კარიერასა და ავტორიტეტს დიდ უხერხულობასა და პრობლემას უქმნიდა დამოუკიდებელი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობა. ამდენად, საქართველოს სწრაფი გასაბჭოება მისთვის არა უბრალოდ პოლიტიკური, არამედ პირადი ინტერესის საგანიც იყო - ქვეყანა, სადაც ის დაიბადა და ბავშვობა გაატარა, არ უნდა დარჩენილიყო საბჭოთა სივრცის მიღმა.

1921 წლის იანვარში ბოლშევიკებმა, ფაქტობრივად, დაასრულეს დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკება, რომელსაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში მჭიდრო ურთიერთობის დამყარება უნდა მოჰყოლოდა. ამ თანამშრომლობის საფუძველზე რუსეთი აღიარებდა ცენტრალურ აზიაში დიდი ბრიტანეთის ინტერესებს, ხოლო ლონდონი ცნობდა კავკასიას რუსეთის შიდა პოლიტიკის საქმედ.

რუსეთმა შეთანხმებას მიაღწია თურქეთთანაც. ათათურქის მთავრობა არ შეეწინააღმდეგებოდა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას, თუ არდაგანის, ართვინისა და ოლთისის ოლქებს მიიღებდა.

საგარეო ფრონტზე ვითარების დარეგულირების შემდეგ ბოლშევიკები აქტიურ ქმედებაზე გადავიდნენ. ამ დროს საბჭოთა ხელისუფლება უკვე იყო დამყარებული აზერბაიჯანსა (1921 წ. აპრილი) და სომხეთში (1921 წ. ნოემბერი). კავკასიაზე სრული კონტროლის მისაღებად საქართველოს საკითხიც სწრაფად უნდა გადაწყვეტილიყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ჩიჩერინმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიისთვის საჭირო საბაბად ლენინს შესთავაზა საქართველოს მხრიდან 1920 წლის 7 მაისის საქართველო-რუსეთის ხელშეკრულების დარღვევის მომიზეზება.

პარალელურად სომხეთ-საქართველოს სასაზღვრო, ე.წ. „ნეიტრალურ ზონაში“ უნდა დაწყებულიყო „მშრომელთა აჯანყება“, რომელსაც „ძმურ დახმარებას“ აღმოუჩენდა წითელი არმია. „აჯანყების“ ორგანიზება უნდა მოეხდინა ე. წ. შულავერის კომიტეტს (11), რომელიც საქართველოს ანექსიის შემდგომ საქართველოს რევოლუციურ კომიტეტად (რევკომი) გადაკეთდა (12).

რევკომში ძირითადად ის ქართველი ბოლშევიკები შედიოდნენ, რომლებიც 1918-1920 წლებში საქართველოს მთავრობამ ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის ქვეყნიდან გააძევა: ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, შალვა ელიავა, მიხეილ ოკუჯავა, ლადო დუმბაძე, ალექსანდრე გეგეჭკორი, ბესარიონ კვირკველია.

რევკომის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით სტალინი ორჯონიკიძეს შემდეგ რჩევას აძლევდა: „რევკომის შემადგენლობაში დატოვეთ რამდენიმე ადგილი ფედერალისტებისა და მემარცხენე მენშევიკებისათვის. გარდა ამისა, რევკომში გირჩევ შეიყვანო თათარი, სომეხი და აღმოსავლეთ საქართველოს წარმომადგენელი. თორემ სხვანაირად რევკომი კოჭლობას დაიწყებს. ჟორდანიას შეცდომა ის იყო, რომ მისი მთავრობა თითქმის სულ გურულებისაგან შედგებოდა და ამიტომ აღმოსავლეთ საქართველოში არ სარგებლობდა მხარდაჭერით. მენშევიკების ეს შეცდომა ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ“.

საქართველოს ოკუპაციის ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა სერგო ორჯონიკიძე, რომელსაც დეპეშების მეშვეობით პირდაპირი კავშირი ჰქონდა კრემლთან - ლენინთან და სტალინთან. 8 თებერვალს რუსეთის კომპარტიის ცეკამ განიხილა 6 თებერვალს ბაქოდან ორჯონიკიძის მიერ გამოგზავნილი დეპეშა და საქართველოს გასაბჭოების ოპერაცია საბოლოოდ დაამტკიცა. სცენარის თანახმად, 11 თებერვალს ლორეს ზონაში დაიწყო „საქართველოს მშრომელთა აჯანყება“. დივერსიულმა ჯგუფებმა ბორჩალოში დისლოცირებულ ქართულ ნაწილებზე მიიტანეს იერიში, რასაც მალე საქართველოში XI არმიის რეგულარული ნაწილების შემოსვლა მოჰყვა.

ოფიციალური დეპეშები საქართველოს გასაბჭოების შესახებ (1921 წელი)

24 იანვარი, სტალინი - ცეკას წევრებს: წინადადებას ვაყენებ მოვიწონოთ ამხ. ჩიჩერინის ხაზი საქართველოს საკითხში და რესპუბლიკის რევოლუციურ სამხედრო საბჭოს მივცეთ შესაბამისი დირექტივა. საჭიროა იგი დაუყოვნებლივ შეუდგეს მოსამზადებელ მუშაობას იმისთვის, რათა გადაწყვიტოს საკითხი კავკასიაში სამხედრო ჩარევის წესის თაობაზე. ამავე დროს დირექტივა მივცეთ ორჯონიკიძეს, მოამზადოს აჯანყებულთა გამოსვლა საქართველოს ცნობილ რაიონებში.

6 თებერვალი, ორჯონიკიძე - ლენინს და სტალინს: „საქართველო საბოლოოდ გადაიქცა მსოფლიო კონტრრევოლუციის შტაბად ახლო აღმოსავლეთში. აქ მოქმედებენ ფრანგები, აქ მოქმედებენ ქიაზიმ-ბეი და მთიელთა მთავრობის წარმომადგენლები. ჩრდილო-კავკასიის მთიელ აჯანყებულთა დასახმარებლად იგზავნება მილიონები. სასაზღვრო ზოლში ქმნიან ბანდ-ფორმირებებს, რომლებიც თავს ესხმიან ჩვენს სასაზღვრო ნაწილებს. აუცილებელად მიმაჩნია, კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ სასიკვდილო საფრთხეს, რომელსაც უქმნის საქართველო ბაქოს რაიონს. ამ საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოში აჯანყების დაწყებითა და მისი სწრაფი გასაბჭოებით“.

15 თებერვალი, ორჯონიკიძე და ელიავა - ლენინს, სტალინს: „ქართველებმა დაიწყეს ძალების გადმოსროლა ლორეში აჯანყებულთა წინააღმდეგ. მათი შეტევა მოსალოდნელია ნებისმიერ წუთს. ასეთ შემთხვევაში გარემოება იძულებულს გვხდის საპასუხო დარტყმა განვახორციელოთ. ჩვენი აზრით, წარმატების მისაღწევად ამაზე ხელსაყრელი მომენტი აღარ გვექნება. ქართული არმიის მორალური მდგომარეობა დაბალ დონეზეა. ამას მოწმობს სადახლოს რაიონში თითქმის მთელი ქართული ბრიგადის ბრძოლის გარეშე დანებება და სადახლოს აღება, სადაც ქართველები ოთხჯერ აღემატებოდნენ აჯანყებულებს. დაყოვნება მხოლოდ გააუარესებს ჩვენს შანსებს“.

15 თებერვალი, სტალინი - ორჯონიკიძეს: „ახლა გადმოგცემ ცეკას დაშიფრულ პასუხს. მანამდე კი გთავაზობ: ახლავე შეუტიე, დასტურია, აიღე ქალაქი“.

15 თებერვალი, ლენინი XI არმიის რევოლუციურ საბჭოს: „ცეკას მიაჩნია, რომ XI არმიის ოპერაცია წარმოადგენს ნეიტრალურ ზონაში მყოფი იმ აჯანყებულების დაცვას, რომელთაც ემუქრებათ განადგურება თეთრგვარდიელების მხრიდან. ანგარიში გაუწიეთ თქვენი ოპერაციის ამ პოლიტიკურ ხასიათს ყველა თქვენს საჯარო გამოსვლაში. რა თქმა უნდა, ჩვენ XI არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოსაგან მოველით ენერგიულ და სწრაფ მოქმედებას. თუ ნეიტრალურ ზონაში მყოფ აჯანყებულთა დასაცავად, სამხედრო თვალსაზრისით, საჭიროა თბილისის აღება, XI არმია არც ამას უნდა მოერიდოს“.

ამ დეპეშას ჰქონდა სტალინის მინაწერი: „სამი დღის შემდეგ ველი ცნობას თბილისის აღების შესახებ“.

17 თებერვალი, ორჯონიკიძე - სტალინს: „ფოილოდან წითელი არმიის დიდებული მწყობრი რიგები მოსახლეობისა და აჯანყებულთა აღტაცებულ მისალმებებში გადავიდნენ მტკვარზე. ყველაგან იმართება ხალხმრავალი მიტინგები და მანიფესტაციები წითელი არმიის პატივსაცემად. აჯანყებულები თვითონვე გადადიან წითელი არმიის სამხედრო ნაწილში, რომელიც აზერბაიჯან-საქართველოს საზღვარზე დგას“.

18 თებერვალი, ორჯონიკიძე - სტალინს: „ჩვენ მივიღეთ ფრიად დიდმნიშვნელოვანცნობები, შიმშილითა და საქართველოს მთავრობის ძალადობით გაწამებული საქართველოს მშრომელები აჯანყდნენ ბურჟუაზიის აღვირახსნილი ღრეობის წინააღმდეგ... და მძლავრი ნიაღვარივით დაიძრნენ თბილისისაკენ... და ახლა წითელი ნიაღვარი უახლოვდება თბილისს, ბურჟუაზიის ღრეობის ამ საძულველ კერას. თბილისის საათები დათვლილია, შესაძლოა ამ წუთს თბილისის თავზე უკვე ფრიალებს პროლეტარიატის დიქტატურის წითელი დროშა“.

25 თებერვალი, ორჯონიკიძე - ლენინს, სტალინს: „ტფილისზე წითელი დროშა ფრიალებს. გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“

11.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, სოციალ-დემოკრატ იოსებ ირემაშვილის წიგნიდან „სტალინი და საქართველოს ტრაგედია“:

„სტალინი 1921 წლის ივნისის შუა რიცხვებში მოსკოვიდან თბილისში, როგორც გამარჯვებული, ისე ჩამოვიდა… ქართველმა ბოლშევიკებმა ტრიუმფატორ სტალინს თბილისში, ნაძალადევის თეატრში, საზეიმო შეხვედრა გაუმართეს. სტალინი სცენაზე ჩეკისტებით გარშემორტყმული გამოჩნდა. თეატრის დარბაზი გადაჭედილი იყო. სტალინის სცენაზე გამოჩენამ უჩვეულო მღელვარება გამოიწვია. „მოღალატევ“, „მკვლელო“, - ისმოდა ხალხის შეძახილები. სტალინმა ლაპარაკი დააპირა. ხმაური მუქარაში გადაიზარდა და ხალხი მაშინღა დამშვიდდა, როცა სცენაზე სოციალისტი და სათათბიროს ყოფილი დეპუტატი რამიშვილი სპონტანურად ადგილიდან წამოიჭრა და სტალინს მის მიერ ჩადენილი დანაშაულები ბრალდებად წაუყენა. ხალხს ოვაციის ტალღამ გადაუარა და აღფრთოვანებულები რამიშვილს ტაშს უკრავდნენ. მრავალრიცხოვანმა ძლიერმა ხელმა მამაცი რამიშვილი ჰაერში აიტაცა, სცენისკენ გაიტაცა და მრისხანებისა და გაოგნებისაგან ფერდაკარგული სტალინის პირდაპირ დასვა.

რამიშვილს სტალინისკენ არც გაუხედავს, ჩეკისტების წინ იდგა და ბოლშევიკების დანაშაულებრივ საქმიანობაზე, სტალინის მოღალატურ პოლიტიკასა და ადამიანის ღირსებათა შეურაცხმყოფელ „პროლეტარიატის დიქტატურაზე“ მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა. სტალინი რამიშვილის ზურგს უკან იდგა, ხმას არ იღებდა და მღელვარებისგან კანკალებდა. სახეზე ეტყობოდა, რომ ახალ სისხლიან შურისძიებას ამზადებდა.

რამიშვილის შემდეგ სცენაზე მუშათა ლიდერი დგებუაძე ავიდა და სტალინის დანაშაულებათა მხილება განაგრძო. ხალხი მასაც მხურვალე ოვაციებით შეხვდა.

სტალინი იძულებული იყო საათობით ჩუმად მდგარიყო და თავისი მოწინააღმდეგეებისთვის ესმინა. მას არც მანამდე და არც ამის შემდეგ უნახავს მის წინააღმდეგ მიმართული ასეთი საჯარო და თამამი გამოსვლა...

იმავე ღამეს ქალაქის ბნელ ქუჩებში ჩეკისტები დაძრწოდნენ და ასზე მეტი ცნობილი სოციალ-დემოკრატი დააპატიმრეს და მეტეხის საპყრობილეში ჩასვეს. პირველ რიგში დაიჭირეს: რამიშვილი, დგებუაძე, ჯიბლაძე...“

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის  ეროვნული გვარდიის ვიცე-მეთაურის, სოციალ-დემოკრატ დავით საღირაშვილის წიგნიდან „იოსებ ჯუღაშვილი - სტალინი როგორც ისტორიული პიროვნება“:

„სტალინი ჩამოვიდა თფილისში და მოინდომა შეხვედრა აქაურ მუშებთან, რომლებიც მას 1907 წლის აქეთ აღარ ენახა. მისი ბრძანებით მოწვეულ იქნა დიდი კრება პლეხანოვის სახლში. მასთან მოვიდნენ შესახვედრად, მათ შორის, ძველი მუშები, როგორც ძმები ნინუები, დათიკო დვალი, ალექსანდრე დგებუაძე, ანდრო ჭიაბრიშვილი - მშვენიერი ორატორი და ერთი მოწინავე მუშათაგანი და ბევრი სხვა. კრება თვით სტალინმა გახსნა და დაიწყო იმით, რომ მიესალმა ტფილისის მუშებს ოქტომბრის რევოლუციის სახელით. ერთმა ძველმა მუშამ შენიშნა მას, რომ უკეთესი იქნებოდა, თავი დაანებოს ტფილისის მუშების როლზე ლაპარაკს და სთქვას, თუ რისთვის შეკრიბა მან ეს ხალხი… მაშინ სტალინმა უცბად ტონი შეიცვალა და დაიწყო თავის გამართლება თავის მოქმედებაში… ამის შემდეგ ადგა მუშა ალექსანდრე დგებუაძე და მიმართა მას შემდეგი სიტყვებით: „სოსო, ჩვენ მოვითხოვთ საბჭოთა ჯარების გაყვანას ჩვენი ქვეყნიდან. ჩვენ მოვითხოვთ მშვიდობიანობას, სისხლის ღვრის შეწყვეტას!“ მას შემდეგ გამოვიდა სიტყვებით მთელი რიგი მუშებისა, აგრეთვე, პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ისიდორე რამიშვილი, რომელიც ამათრახებდა სტალინს მისი ღალატისა და იმ დაუსრულებელი უბედურებისათვის, რომელიც მოიტანა საბჭოთა ჯარების შემოჭრამ საქართველოში.

სტალინი პირდაპირ ბოლშევიკების ცკ-ს შენობისკენ გაემართა, სადაც მან ბრძანება შეეგროვათ ცკ-ს წევრები, რომლებსაც მიმართა: „დედლებო, ეს რასა ჰგავს, სადა სჩანს აქ ბოლშევიკური ხელი? აქ საჭიროა რკინის ცხელი უთო. მან მთელ საქართველოზე უნდა გაიაროს, რომ ძირიანად მოსპოს არსებული სული. აი, რა არის აქ საჭირო, თქვენ კი ეფერებით“.

1921 წელს საქართველოს დაპყრობაში აქტიური მონაწილეობა შემდგომში სტალინს, როგორც ჩანს, აფიქრებდა და ამ ფაქტის შელამაზებას შეეცადა, რომ ისტორიის, მომავლისა და ქართველი ერის წინაშე პირნათელი გამოსულიყო. ამგვარი ირიბი მცდელობის ნიმუშია სტალინის რეკომენდაციები (რაც, რეალურად, სავალდებულოდ შესასრულებელი იყო) 1945 წელს ქართველი ისტორიკოსების - ნიკო ბერძენიშვილისა და სიმონ ჯანაშიას მისამართით. სტალინმა მათთან შეხვედრისას აღნიშნა ის გამოსასწორებელი ხარვეზები, რაც, მისი აზრით, არსებობდა „საქართველოს ისტორიის“ ახალ სახელმძღვანელოში. სტალინმა შესთავაზა, თეორიული გამართლება (გადაფარვის -«перекрыть» - პრინციპი) მოეძებნათ 1801 წელს რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისთვის. ამ პრინციპის მიხედვით, ისტორიის ზოგიერთ ეპიზოდში, სტალინის აზრით, დადებითად უნდა შეფასებულიყო უცხო, საგარეო ძალის გამოყენება საშინაო პოლიტიკური ამოცანის გადაჭრისას, თუ ეს ამოცანა ემსახურებოდა პროგრესს. სტალინის აზრით, რუსეთის იმპერია იყო „ნაკლები ბოროტება“ ბარბაროსულ და უკულტურო ოსმალეთთან და სეფიანთა ირანთან

14.

შედარებით. ამდენად, 1801 წლის აქტი და შემდგომ რუსეთის გაბატონება კავკასიაში დადებით მოვლენად უნდა შეფასდეს. ჯანაშია-ბერძენიშვილთან საუბარში სტალინმა კიდევ უფრო განავრცო თავისი თეორია: კლასთა ბრძოლაში ამა თუ იმ კლასის მიერ ბრძოლის საშუალებად უცხო ძალისთვის მიმართვა, უცხო ძალის მოშველიება პრინციპულად დაუშვებელი სრულიადაც არაა, თუ ასეთი რამ ისეთ მიზანს ემსახურება, რომელიც საზოგადოებრივ პროგრესს გულისხმობს. სავარაუდოდ, სტალინი ფიქრობდა, რომ იმავე პრინციპით საბჭოთა ისტორიოგრაფია გაამართლებდა 1921 წელს რუსეთის წითელი არმიის გამოყენებას საქართველოს გასაბჭოების დროს.

No Comments Yet.