მითი 5 – სტალინი ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიის გაფართოებაზე

სტალინი ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიის გაფართოებაზე

მითი იმის შესახებ, რომ სტალინი ზრუნავდა საქართველოს ტერიტორიის გაზრდაზე, მისი ძველი, ისტორიული რეგიონების შემოერთებაზე, პოპულარული ლეგენდაა, ლეგენდა, რომელსაც ხშირად იყენებენ დისკუსიისას, როგორც სტალინის საქართველოსადმი სიყვარულის დასტურს. ამ მითის არსებობა ორ კონკრეტულ ფაქტს ეფუძნება: სტალინის რეჟიმისთვის დამახასიათებელი მასობრივი ეთნიკური დეპორტაციები და საბჭოთა პროპაგანდა იმის შესახებ, რომ სტალინი მსოფლიოს სხვა ლიდერებთან გამართულ მოლაპარაკებებზე სვამდა საქართველოს ძველი, ისტორიული ტერიტორიების საქართველოსთვის დაბრუნების საკითხს. საბჭოთა პროპაგანდამ შეძლო ორივე ფაქტის სათანადოდ შეფუთვა და დღესაც კი ბევრს სჯერა სტალინის პატრიოტიზმისა.

სტალინის ტოტალიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელი იყო მასობრივი ეთნიკური დეპორტაციები, რითაც საბჭოთა ხელისუფლება თრგუნავდა ადამიანთა თავისუფალ ნებას დ,ა ფაქტობრივად, განსაზღვრავდა მათს ცხოვრებას, ბედისწერას. საქმე ის არის, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერულ კოალიციასთან თანამშრომლობის ბრალდების საბაბით, სტალინური რეჟიმი მოსახლეობას იძულებით ატოვებინებდა საცხოვრებელ ადგილებს და სხვა ტერიტორიაზე ასახლებდა.  ეს დღესაც  „უნიკალური“ მოვლენაა მსოფლიო ისტორიაში - მთლიანად ეთნოსი(ები) გამოაცხადო დამნაშავედ და მასობრივად გადაასახლო.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სტალინმა არაერთი ეთნიკური ჯგუფი გადაასახლა ციმბირსა და შუა აზიაში. მაგალითად:

  • 1941 წ. 28 აგვისტო: ვოლგისპირეთის ავტონომიური რესპუბლიკის, სარატოვისა და სტალინგრადის გერმანული მოსახლეობის (1 100 000 კაცი) „პრევენციული ჰუმანიტარული გადასახლება“ ნოვოროსიბირსკის, ომსკის, ალტაისა და ყაზახეთის ტერიტორიებზე;
  • 1941 წ. ოქტომბერი: კავკასიასა და ყირიმში მცხოვრები 100 000 გერმანელის გადასახლება;
  • 1943 წ. ნოემბერი - 1944 წ. ივნისი: ნაცისტ ოკუპანტებთან მასობრივი თანამშრომლობის ბრალდებით 900 000 ჩეჩენი, ინგუში, ყირიმელი თათარი, ყარაჩაელი, ბალყარელი, ყალმუხი გადაასახლეს ციმბირში, ყაზახეთში, უზბეკეთსა და ყირგიზეთში.
  • 1944 წ. თებერვალი - ოქტომბერი: უკრაინიდან 100 300 სამოქალაქო პირის, ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის ორგანიზაციის, უკრაინის ნაციონალური ასამბლეის (უნა) წევრებად მიჩნეულთა ოჯახის წევრების დეპორტაცია.
  • 1944 დეკემბერი: „საეჭვოდ მიჩნეული“ ბერძნებისა და მუსლიმი მოსახლეობის (ქურთები, კავკასიელი ხემშინები, მესხები, ბულგარელები) დეპორტაცია.

სწორედ ჰიტლერის რეჟიმთან დანაშაულებრივი თანამშრომლობის საბაბით, 1944 წელს ჩრდილოეთ კავკასიის ორი რაიონიდან შუა აზიაში გადაასახლეს ადგილობრივი ეთნიკური ჯგუფები - ჩეჩნები, ინგუშები, ყარაჩაელები, ბალყარელები. ხალხის დეპორტაციის შემდეგ მათი ავტონომიური რესპუბლიკები გაუქმდა. მოსახლეობისგან დაცლილი ეს ორი რაიონი, სტალინის ნებით, ჩამოეჭრა რუსეთის ფედერაციას და გადაეცა საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას. სტალინმა უბრძანა საქართველოს პარტიულ ხელმძღვანელობას, დაცარიელებულ ტერიტორიებზე გადაესახლებინა მოსახლეობა საქართველოს მჭიდროდ დასახლებული რეგიონებიდან (სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი). მრავალი ქართული ოჯახი აყარეს და მათი სურვილის საწინააღმდეგოდ ახალ ადგილას დაასახლეს. ჩრდილოკავკასიელთა დეპორტაციისგან განსხვავებით ერთადერთი „შეღავათი“ ის იყო, რომ ქართველებს შორეულ ციმბირსა და შუა აზიაში კი არ უკრეს თავი, არამედ კავკასიონის ქედს მიღმა, სადაც საქართველოს მსგავსი ბუნება, კლიმატი და მეურნეობა იყო. ქართველები 12-13 წლით მოსწყვიტეს მშობლიურ მხარეს, გადასახლების ადგილზე შექმნეს კოლმეურნეობები და სხვა რეგიონების მსგავსად ემსახურებოდნენ საბჭოთა ხელისუფლებას.

1957 წელს ჩრდილოკავკასიელები უკან გადმოასახლეს. იქ მცხოვრებმა ქართველებმა რეპატრირებულებს უპრობლემოდ დაუბრუნეს სახლ-კარი. ინგუშებს დღესაც ახსოვთ, რომ ქართველებმა  არა მარტო სახლ-კარი და მიწა დაუბრუნეს, არამედ თავიანთი საქონელიც კი დაუტოვეს, სული რომ მოეთქვათ. რეპატრიაციის შემდეგ აღდგა 1944 წლამდე არსებული საზღვრები.

„მე არ მომეწონა ეს ამბავი, თუმცა დიდი და კარგი ტერიტორიები იყო. ითუმ-კალეს რაიონი, ჩაჩნეთ-ინგუშეთში 4000 კვ. კმ. მთა არის, კავკასიის ქედი. უმდიდრესი და ულამაზესია ქლუხორის რაიონი, იალბუზიც იქ შედის, უმშვენიერესი ტყეა, ფიჭვნარი. სტალინმა წარმოადგინა ისე, თითქოს დიდი დახმარება გაუწია საქართველოს. - ამხანაგო ჩარკვიანო, აბა ნახეთ, რა ტერიტორია გადმოგეცით. საქართველოს ამხელა მიწა-წყალი მოემატა. სინამდვილეში რაც მივიღეთ, ვერ გამოვიყენეთ. ქლუხორის რაიონი დავასახლეთ რაჭველებით. ცხადი იყო, რომ სტალინის სიკვდილისთანავე უკან დაიბრუნეს“.

საქართველოს კომუნისტური პარტიის ცეკას პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი

გელა ჩარკვიანი, „ინტერვიუ მამასთან“, 2013 წელი, თბილისი.

კანდიდ ჩარკვიანი თავის მოგონებებში იხსენებს, რომ იგი შეეცადა კრემლში დაესვა საკითხი საქართველოსთვის გადაეცათ მეზობელი რესპუბლიკების ის ტერიტორიები, რომლებიც კომპაქტურად იყო დასახლებული ქართველებით.

როგორც იხსენებს, მოლოტოვს უთხრა, სოჭი-ადლერის ტერიტორია რომ გადმოგვცეთ, აქ გავაშენებთ ჩაის, ციტრუსებს და ქვეყნის ყველაზე მშვენიერ ადგილად ვაქცევთო. პასუხად კი მიიღო: „ვფიქრობ, რუსებსაც შეუძლიათ ამის გაკეთებაო“.

ასევე იხსენებს, რომ სტალინთან საინგილოს საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი დააყენა. მას კი უთქვამს, ორჯონიკიძემ ეს საკითხი თავის დროზე უკვე გადაწყვიტა და ახლა ამ ტერიტორიებს აზერბაიჯანელებს ვერ წავართმევთო.

ზემოთ ნახსენები მითის დამკვიდრება ასევე უკავშირდება 1945 წელს წამოწყებულ პროპაგანდისტულ კამპანიას - თითქოს სტალინი იბრძოდა იმისთვის, რომ, ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მოტივით, თურქეთისთვის ჩამოერთმია და საქართველოსა და სომხეთისთვის გადაეცა ისტორიული ქართული და სომხური ტერიტორიები.

ამ პროპაგანდის მიღმა შემდეგი ფაქტია: თურქეთის შემადგენლობაში არსებული ქართული მიწების საქართველოსთვის დაბრუნების საკითხი მოკავშირეების წინაშე სტალინმა პოტსდამის კონფერენციაზე წამოჭრა. თუმცა საკითხი დაისვა არა ცალკე, დამოუკიდებლად, არამედ ფართო რეზონანსის მქონე საერთაშორისო პრობლემასთან ერთად - ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების კონტროლთან დაკავშირებით. საკითხი თავიდანვე განწირული იყო წარუმატებლობისთვის, რადგან ჩერჩილი და ტრუმენი არ დაუშვებდნენ სრულ საბჭოთა კონტროლს შავი ზღვის რეგიონში. ცხადია, საბჭოთა პროპაგანდამ ეს თემა შესაფერისად შეფუთა და ისე წარმოაჩინა, თითქოს სტალინი საერთაშორისო პოლიტიკურ ტრიბუნაზე აყენებდა საქართველოს ტერიტორიების საკითხს, სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად. ამ მითის დაბადებასა და დამკვიდრებას ხელი შეუწყო თავად ქართველმა ინტელიგენციამ, რომელმაც კულტურისა და მეცნიერების სხვადასხვა სფეროში ფართო პროპაგანდა გაუწია ისტორიული ქართული ტერიტორიების დაბრუნების საკითხს და ეს მიაწერა სტალინის ქართულ პატრიოტიზმს და არა საგარეო პოლიტიკურ ტაქტიკას.

უფრო კონკრეტულად, მოვლენები შემდეგნაირად ვითარდებოდა: მეორე მსოფლიო ომის დროს თურქეთი ნეიტრალური იყო და საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. ომის მიწურულს, 1945 წლის 23 თებერვალს ომი გამოუცხადა გერმანიას. ომის დასასრულს, სტალინი გეგმავდა საბჭოთა კავშირის სამხრეთ საზღვრის შესწორებას 1914 წლამდე არსებული რუსეთის იმპერიის საზღვრის მიხედვით. თურქეთის საზღვართან მზადყოფნაში იყო წითელი არმიის დივიზიები, არსებობდა თურქეთის მხრიდან პროვოკაციის ალბათობაც, რასაც საბჭოთა მხარე საბაბად გამოიყენებდა. იმდროინდელ ქართველ საზოგადოებაში არსებობდა თურქეთში შეჭრის მოლოდინი. ამას ხელი შეუწყო იმ პროპაგანდისტულმა კამპანიამ, რაც პრესაში გაჩაღდა.

გაზეთ „კომუნისტში“ 1945 წლის 14 დეკემბერს დაიბეჭდა სიმონ ჯანაშიას და ნიკო ბერძენიშვილის სტატია „თურქეთისადმი ჩვენი კანონიერი პრეტენზიების შესახებ“, რომელიც რუსულად ითარგმნა და უკვე 20 დეკემბერს საკავშირო პრესაშიც გამოქვეყნდა (გაზეთებში „პრავდასა“ და „იზვესტიაში“).

სიმონ ჯანაშიას და ნიკო ბერძენიშვილის სტატიას მოჰყვა არნოლდ ჩიქობავას, დავით ზავრიევის, ექვთიმე თაყაიშვილისა და სხვათა პუბლიკაციები. ამ კამპანიაში ჩაერთო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე) და ამიერკავკასიის მუსლიმთა სასულიერო სამმართველოს წევრი, აჭარის ყადი რასიხ ბერიძე.

თურქეთისადმი ტერიტორიული პრეტენზიების საკითხი უმაღლეს პარტიულ შეკრებებზეც არაერთხელ დასმულა. მასზე საჯაროდ ლაპარაკობდნენ საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერები. საქართველოს ცეკამ იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ შემოუერთებელ ტერიტორიებზე პარტიული უჯრედების ჩამოყალიბების თადარიგი დაიჭირა. შესაბამის კანდიდატებს წინასწარ ამზადებდნენ ართვინის, არტაანის, ტრაპიზონის მხარეების რაიკომების მდივნებად.

ქართველი მწერლებიდან ირაკლი აბაშიძემ, გიორგი ლეონიძემ, გრიგოლ აბაშიძემ, ილო მოსაშვილმა და სხვებმა არაერთი ნაწარმოები უძღვნეს ამ პრობლემას. 1951 წელს ილო მოსაშვილს პიესისთვის „ჩაძირული ქვები“ და გრიგოლ აბაშიძეს ლექსების ციკლისთვის „სამხრეთ საზღვრებზე“ და „სამგორის ველზე“, საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემიები მიენიჭათ.

რეალურად, თურქეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზია საბჭოთა კავშირის მთავრობამ ოფიციალურად წამოაყენა „დიდი სამეულის“ (საბჭოთა კავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი) პოტსდამის კონფერენციაზე 1945 წლის ივლისში. საბჭოთა კავშირი მოკავშირეებისგან ითხოვდა, რომ თურქეთს დაეთმო არტაანის, ართვინის, ყარსის ოლქები და გაუქმებულიყო 1936 წლის 20 ივნისის მონტრეს ხელშეკრულების პირობები, რაც თვალისწინებდა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში თავისუფალი ნავიგაციის უფლებას და საბჭოთა გემებისთვის სამხედრო-სარემონტო ბაზის შექმნას.

ამრიგად, პოტსდამის კონფერენციაზე ტერიტორიების საკითხი დაუკავშირდა ძირითად საკითხს - სრუტეების კონტროლს. ბუნებრივია, აშშ და დიდი ბრიტანეთი არ დაუშვებდნენ საბჭოთა კონტროლს შავ ზღვაზე; მით უმეტეს, რომ თურქეთი მომავალი სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების (ნატო) მნიშვნელოვან პლაცდარმად განიხილებოდა. მოკავშირეებმა, განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა მძაფრი წინააღმდეგობა გაუწია ამ მოთხოვნას და საბჭოთა მხარე იძულებული გახდა, მოთხოვნა უკან წაეღო.

დიდი სამეულის“ (საბჭოთა კავშირი, აშშ, დიდი ბრიტანეთი) პოტსდამის   კონფერენციის სტენოგრამა

1945 წლის 22 ივლისი, 17:00 საათი

ჩერჩილი: თავს უფლებას მივცემ, გენერალისიმუსის ყურადღება მივაქციო, თუ რამდენად მნიშვნელოვანია არ შევაშინოთ თურქეთი. თურქეთი უდავოდ შეშფოთებულია საბჭოთა და ბულგარეთის არმიების კონცენტრაციით ბულგარეთში, აგრეთვე საბჭოთა პრესის და რადიოს გამუდმებული თავდასხმებით. აგრეთვე ბატონ მოლოტოვთან თურქეთის ელჩის მოლაპარაკებით, რომლის დროსაც ნახსენები იყო თურქეთის აღმოსავლეთი საზღვრის ცვლილება და სრუტეში საბჭოთა ბაზა.

მე მესმის, რომ ეს არ არის საბჭოთა მთავრობის პრეტენზიები თურქეთისადმი; მაგრამ ვინაიდან თურქეთმა დასვა სსრკ-თან ხელშეკრულების დადების საკითხი, ამ უკანასკნელმა წამოაყენა ამგვარი სახელშეკრულებო პირობები. ჩემთვის სავსებით ნათელია, რომ თუ თურქეთი ითხოვს საბჭოთა კავშირთან თავდასხმითი და თავდაცვითი ხელშეკრულების გაფორმებას, საბჭოთა მთავრობას ეძლევა კარგი საშუალება, განაცხადოს, როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ურთიერთობა თურქეთსა და რუსეთს შორის. თუმცა თურქეთი შეაშფოთა წამოყენებულმა პირობებმა. მე არ ვიცი, რა მოხდა ამ მოლაპარაკებების შემდეგ. და ამიტომ მსურს გავიგო ამ საკითხზე საბჭოთა მთავრობის პოზიცია.

სტალინი: გთხოვთ, სიტყვა მივცეთ მოლოტოვს.

მოლოტოვი: სრუტეების საკითხზე წერილობით წარმოგიდგენთ დოკუმენტს, რუსულ და ინგლისურ ენებზე. მაგრამ მანამდე გაგიმარტავთ საკითხის წინაისტორიას.

თურქეთის მთავრობის ინიციატივით დადგა საბჭოთა მთავრობასთან სამოკავშირეო ხელშეკრულების დადების საკითხი, ჯერ ანკარაში ჩვენს ელჩთან, ხოლო მაისის ბოლოს თურქეთის ელჩის მეშვეობით მოსკოვში.

ივნისის დასაწყისში ორჯერ ვესაუბრე ელჩ სარფერს. მივეცით თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე, გარკვეული პირობით. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ურთიერთპრეტენზიები.

ჩვენ გვაქვს ორი საკითხი, რომლებიც მოსაგვარებელია. სამოკავშირეო ხელშეკრულების დადება გულისხმობს ჩვენი საზღვრების ერთობლივ კონტროლს... მაგრამ ზოგიერთ უბანზე სსრკ-თურქეთის საზღვარს მივიჩნევთ უსამართლოდ. 1921 წელს თურქეთმა საბჭოთა საქართველოს და საბჭოთა სომხეთს ჩამოაჭრა ყარსის, ართვინის და არდაგანის ოლქები (წარმოადგენს რუკას). ამიტომ განვაცხადე, რომ სამოკავშირეო ხელშეკრულების დასადებად აუცილებელია საკითხის მოგვარება. საქართველოს და სომხეთს უნდა დაუბრუნდეს დაუბრუნდეს ეს ტერიტორიები.

 

VII სხდომა. 23 ივლისი. 1945 . 17 საათი.

ტრუმენი: დღის წესრიგის პირველი საკითხია თურქეთი და შავი ზღვის სრუტეები. გუშინ დისკუსია შეწყდა იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრმა ვერ დაასრულა თავისი განცხადება.

ჩერჩილი: გუშინ დავასრულე ჩემი გამოსვლა. განვმარტე, რომ ვერ დავუჭერ მხარს სრუტეებში რუსული სამხედრო ბაზის შექმნას და არა მგონია, თურქეთი დაეთანხმოს ამგვარ წინადადებას.

სტალინი: გუშინ -ნი ჩერჩილი ამტკიცებდა, რომ რუსებმა შეაშინეს თურქები. ამის მთავარი მიზეზი კი ყოფილა რუსული და ბულგარული არმიების კონცენტრაცია ბულგარეთში. - ჩერჩილის დასამშვიდებლად მოგაწვდით ინფორმაციას ამ საკითხზე. მე არ ვიცი, რა ინფორმაცია მიაწოდეს მას თურქებმა, მაგრამ მოვალე ვარ გითხრათ, რომ ბულგარეთში ჩვენ გვყავს ორი დივიზია. -ნი ჩერჩილი თურქებმა შეაშინეს.

ჩერჩილი: თქვენი აზრით რამდენი ბრიტანული შენაერთია საბერძნეთში?

სტალინი: არანაკლებ ხუთი დივიზია.

ჩერჩილი: იქ მხოლოდ ორი დივიზია გვყავს.

სტალინი: ეს დაახლოებით რამდენი ათასია?

ჩერჩილი: დაახლოებით 40 000.

სტალინი: ჩვენ, ბულგარეთში უფრო ნაკლები გვყავს, 30 000.

ჩერჩილი: აქ იმყოფება ფელდმარშალი ალექსანდერი. მას შეუძლია ზუსტი ციფრის დასახელება.

სტალინი: მე ვენდობი - ჩერჩილის განცხადებას ასი პროცენტით. თუ საჭირო იქნებოდა,  წითელი არმიის გენშტაბის უფროსს, გენერალ ანტონოვს შეეძლო ზუსტი ცნობების მოწოდება. კონსტანტინპოლის რაიონში თურქებს ჰყავთ 20 დივიზიაზე მეტი, შეიძლება 23 ან 24. გარწმუნებთ, ბულგარეთის ჯარს არ შეუშინებია თურქები. იქნებ თურქები საზღვრის შესწორების წინადადებამ შეაშინა?  აქ საუბარი იყო I მსოფლიო ომამდე არსებული საზღვრის აღდგენაზე. მხედველობაში მაქვს ყარსის რაიონი, რომელიც ომამდე იყო სომხეთის შემადგენლობაში, და არდაგანის რაიონი, რომელიც ომამდე საქართველოს ეკუთვნოდა. ძველი საზღვრის აღდგენის საკითხი არ წამოიჭრებოდა, თურქებს რომ სსრკ-თურქეთს შორის სამოკავშირეო ხელშეკრულების საკითხი არ დაეყენებინათ. ეს კავშირი კი ნიშნავს, რომ ჩვენ ვკისრულობთ თურქეთის, ისევე როგორც თურქები ჩვენი, საზღვრის დაცვას. თუმცა, ჩვენი აზრით, ყარსის და არდაგანის რაიონში საზღვარი უმართებულოა, და თურქებს განვუცხადეთ, რომ თუ ჩვენთან ხელშეკრულების დადება სურს, ეს საზღვარი უნდა გასწორდეს. თუ თურქეთს არ სურს საზღვრის შესწორება, ხელშეკრულების დადების საკითხი იხსნება.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობები: დიპლომატური დოკუმენტები: ბერლინის (პოტსდამის) კონფერენცია, 1945 წელი.

1946 წლის შუა ხანებიდან პროპაგანდისტული კამპანია თანდათან შენელდა. ცენტრალურ პრესაში უკვე აღარ იბეჭდებოდა მკვეთრი სტატიები, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თურქეთის შემადგენლობაში არსებული ქართული მიწების შემოერთების საკითხი ამის შემდეგაც არ მოხსნილა დღის წესრიგიდან. საბოლოოდ, 1953 წლის 30 მაისს საბჭოთა კავშირის მთავრობამ ოფიციალურ დონეზე და საბოლოოდ უარი თქვა ქართული და სომხური მიწების დაბრუნებაზე. თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისადმი მიმართვაში აღნიშნული იყო, რომ კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნებისა და მშვიდობის განმტკიცების მიზნით, საბჭოთა საქართველო და სომხეთი უარს ამბობენ თურქეთისადმი თავიანთ ტერიტორიულ პრეტენზიებზე.

No Comments Yet.