მითი 6 – სტალინი ბრწყინვალე მენეჯერი იყო

„სტალინი ბრწყინვალე მენეჯერი იყო“

საბჭოთა პროპაგანდა სტალინს წარმოაჩენდა როგორც ბრძენ ბელადს, რომელმაც ყველაფერი იცის, ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის. რეალურად კი სახელმწიფოს მართვაში, საშინაო და საგარეო პოლიტიკაში უამრავი შეცდომა იქნა დაშვებული, შეცდომები, რომელთა გამოსწორებას ასიათასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა. სტალინის სიჯიუტე და ავტორიტარული მართვის სტილი მორჩილ კადრებს მოითხოვდა და სრულიად გამორიცხავდა წარმატებულ, კარგ მმართველობაზე დაფუძნებულ პოლიტიკას. მითი სტალინის ბრწყინვალე მენეჯერობის შესახებ მის მიერ განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებით არის ნასაზრდოები; ეფექტიან ეკონომიკურ რეფორმებად კოლექტივიზაცია და ინდუსტრიალიზაცია მოიაზრება.

სტალინის მმართველობის მთავარი მახასიათებლები იყო ხალხის მასობრივი დაშინება, დატერორება, დასჯა ნებისმიერი წინააღმდეგობისთვის, მორჩილებისა და ფანატიკური ერთგულების მოთხოვნა.

სტალინის პოლიტიკის მთავარი ამოცანა იყო „ახალი ადამიანის“, პარტიის (სტალინის) იდეების ფანატიკურად ერთგული და მათ შესასრულებლად მუდმივად მობილიზებული ადამიანის შექმნა. სწორედ ასეთი ადამიანების აღზრდას ემსახურებოდა ორი უპირველესი წიგნი საბჭოეთში: „კომუნისტური პარტიის ისტორიის მოკლე კურსი“ და „სტალინი - მოკლე ბიოგრაფია“.

სტალინს ხელქვეითები გამუდმებულ შიშში ჰყავდა. რა ესიამოვნება ბელადს - ამის ამოცნობა იყო მთავარი და არა ის, თუ რა ჯობს საქმისთვის. ეს ვითარება განსაკუთრებით ომის შემდგომ შეიქმნა, როდესაც სტალინმა დაიწყო კადრების მიზანმიმართული წმენდის ახალ ტალღა, რათა ზედმეტად მოძლიერებულნი ხელისუფლებისთვის ჩამოეშორებინა და ისინი ახალი და მორჩილი კადრებით ჩაენაცვლებინა.

„სტალინი ისეთი ეჭვიანი კაცი იყო, არავის ზოგავდა. ინტრიგაც უყვარდა, თუ არ არის დაძაბულობა მუშაკებს შორის და სიწყნარეა, იგი ფიქრობდა, რომ ამგვარი მდგომარეობა არ არის ნორმალური...

სტალინმა ერთხელ დაიჩივლა ჩემთან: საერთაშორისო პოლიტიკაზე არავინ არ მუშაობს. ერთადერთი მოლოტოვი მეხმარებაო. რას გააკეთებდნენ, ვის აძლევდა უფლებას, რამე გაეკეთებინა...

სტალინთან ბერიას ამოღებული ხმა მე არ გამიგია, „არის ამხანაგო სტალინ, დიახ ამხანაგო სტალინ!“ - ეს ორი წინადადება იყო, რომლითაც განუწყვეტლივ მიმართავდა. ბარამიას დაპატიმრებას სტალინის თანდასწრებით ბერიამაც მხარი დაუჭირა, თუმცა, რა თქმა უნდა, მშვენივრად ესმოდა, რომ „მეგრელთა საქმე“ მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია იყო. ბერიას აღარ ჰქონდა ისეთი მდგომარეობა, რომ ყველაფერი სცოდნოდა და ყველაფრის საქმის კურსში ყოფილიყო... ბერიას ვუთხარი, რომ პოლიტბიუროში ალბათ უნდა შეეჯერებინათ აზრები და დასკვნა ისე გამოეტანათ. რა უნდა ვუთხრა, მთელი ხელისუფლება მაგის ხელშიაო - ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ბერიასგან სტალინის პოლიტიკის საწინააღმდეგო აზრი გავიგე...

როდესაც სტალინს შევეკამათე, გარეთ გასულს მიქოიანმა მითხრა: „ასე არ უნდა მოქცეულიყავით. უნდა გეთქვათ, დავბრუნდები და ვნახავ. ეს საკმარისი იქნებოდა, რომ მას ამ საკითხზე ცუდი შთაბეჭდილება არ შექმნოდა, წინააღმდეგობა არ უყვარს, ეს უნდა იცოდეთ!“

კანდიდ ჩარკვიანი

 

„ცეკას მდივნებმა ხელი შეუწყვეს სტალინის აღზევებას, მაგრამ შემდეგ ეჭვი შეეპარათ საკუთარი არჩევანის სისწორეში. თუმცა უკვე ვეღარაფერს შეცვლიდნენ. შიდაპარტიული დემოკრატიის განადგურებით, მათ თავად შექმნეს ისეთი მდგომარეობა, როდესაც შეუძლებელი გახდა ცეკას პოლიტიკის განხილვა და კრიტიკა. ამიტომ ლოგიკურია, რომ ცენტრის დავალებებსა და დირექტივებს პასუხობდნენ ფეხის ათრევით და დივერსიებით“.

ჯეიმს ჰარისი, ისტორიკოსი

„იოსებ სტალინი: ძალაუფლება და იდეები“, ახალი საარქივო მასალები სარა დევისის და ჯეიმს ჰარისის რედაქციით, გამომცემლობა "არტანუჯი“, 2015 წ.

 

სახელმწიფო მშენებლობის ლენინისეული და სტალინისეული იდეა მკვეთრად განსხვავდებოდა. სამოქალაქო ომის პეროდში, „წითელი ტერორისა“ და „სამხედრო კომუნიზმის“ შედეგად, საბჭოთა კავშირში უმძიმესი ეკონომიკურ მდგომარეობა შეიქმნა. ლენინი იძულებული გახდა ეკონომიკის ასაღორძინებლად დაეშვა კერძო საკუთრება. გამოცხადდა ახალი ეკონომიკური პოლიტიკა (ნეპი).

ლენინის აზრით, საჭირო იყო ბურჟუა სპეციალისტების გამოყენება, ხოლო უდისციპლინო და დაბალკულტურული პროლეტარიატი მმართველობაში მხოლოდ მოგვიანებით უნდა გამოეყენებინათ. ამ მიდგომას ეწინააღმდეგებოდნენ მემარცხენეები ბუხარინისა და სტალინის მეთაურობით. მაგალითად, სამოქალაქო ომის პერიოდში სტალინი ეწინააღმდეგებოდა მეფის არმიის ოფიცრების გამოყენებას წითელ არმიაში, „რადგან ბურჟუა ოფიცერი მკვდარი მეთაურია და მას არ გააჩნია ბოლშევიკურ-პროლეტარული სული“. ამასთან, სტალინს აღელვებდა „წითელ არმიაში“ სამხედრო იერარქიისა და დისციპლინის საკითხი, რაც 30-იან წლებში და მეორე მსოფლიო ომის დროს წითელი კომისრების, ხშირად კი ჩეკისტების სპეცნაწილების მეშვეობით არეგულირებდა.

სტალინი არ ენდობოდა ძველ, ბურჟუაზიულ კადრებს და პროლეტარიატის განსწავლაზე, ახალი ადამიანის აღზრდაზე საუბრობდა. სტალინმა დაიწყო ე. წ. „კულტურული რევოლუცია“, რომელსაც წინ უნდა წამოეწია „პროლეტარული ფასეულობები“ და დაეგმო პრაგმატული, ბურჟუაზული დამოკიდებულება, რაც ძირს უთხრიდა მშრომელთა ენთუზიაზმსა და მობილიზაციის პროცესს ინდუსტრიალიზაცია-კოლექტივიზაციის დროს. „მხოლოდ ფართო მასების სამუშაო ენთუზიაზმი და თავგამოდება არის წარმოების პროგრესული ზრდის გარანტია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია სოციალიზმის საბოლოო გამარჯვება კაპიტალიზმზე“.

ნეპ-ის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება სტალინმა ჯერ კიდევ 1925 წელს გამოამჟღავნა, როდესაც პარტიის ყრილობაზე განაცხადა: „გლეხობა არ არის ძლიერი და ისეთივე სანდო მოკავშირე, როგორიც განვითარებული კაპიტალისტური ქვეყნების პროლეტარიატი“. მან გააკრიტიკა ბუხარინის დევიზი გლეხობის მიმართ - „გამდიდრდით!“ და განაცხადა, „ჩვენი სადღეისო დევიზია სოციალისტური დაგროვება“.

სტალინმა 1927-1929 წლებში ბრძოლა გამოუცხადა „მემარჯვენეებს“, მათ, ვინც ეწინააღმდეგებოდა სწრაფ ინდუსტრიალიზაციას იმ საბაბით, რომ ეს ძირს უთხრიდა მეცნიერებასა და ეკონომიკაზე დაფუძნებულ წყობას. „მემარჯვენეები არიან ადამიანები, რომლებსაც ეშინიათ სირთულეების, რომელთაც სურთ მთელი ცხოვრება მშვიდ რიტმში გაატარონ... იმ ბოლშევიკ ლიდერებს, რომლებიც არ ისახავენ ამბიციურ ეკონომიკურ გეგმებს, არ აქვთ სოციალიზმის მომავლის რწმენა. ისინი გარყვნა მემარჯვენე იდეებმა, ბურჟუა სპეციალისტებმა“. 1929 წლის ნოემბრის პლენუმზე დისკრედიტირებულმა ოპოზიციამ აღიარა თავისი პოზიციის არამართებულობა.

პოლიტიკურ ოპოზიციასთან გამარჯვების შემდეგ სტალინმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო გლეხობის  დამორჩილების საკითხს (ეს სოციალური ფენა მოსახლეობის 85 პროცენტს შეადგენდა). სტალინის გეგმით, სოფლად საბჭოთა ხელისუფლების განმტკიცებისთვის აუცილებელი იყო გლეხობის ეკონომიკური და სოციალური გათანაბრება. გათანაბრების საფუძველი კი უნდა ყოფილიყო მიწით სარგებლობის წესის რეგულირება. გლეხობის ეკონომიკურად და სოციალურად გათანაბრების ფორმად სტალინმა მოიფიქრა კერძო გლეხური მეურნეობის კოლექტიურ მეურნეობაში (კოლმეურნეობაში) გაერთიანება. გლეხობა კოლმეურნეობაში უნდა გაერთიანებულიყო თითქმის მთელი უძრავი და მოძრავი ქონებით. პირად საკუთრებაში გლეხს რჩებოდა ქონების უმნიშვნელო ნაწილი. ამრიგად, სოფლად კერძო საკუთრება იცვლებოდა კოლექტიური საკუთრებით, რომლის გამგებელი, ისევე როგორც მოწეული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა, ფორმალურად უნდა ყოფილიყო თვით კოლექტივი, სინამდვილეში კი კოლმეურნეობების გზით ყოველივე ამას სახელმწიფო დაეპატრონა.

სოფლად პარტიული აქტივი არ არსებობდა, ამიტომ იქ იგზავნებოდა ახალგაზრდა კომუნისტი, რომელსაც ადგილობრივი ღარიბი გლეხობიდან უნიშნავდნენ ერთ-ორ თანაშემწეს. მათ ევალებოდათ კოლექტივიზაცია და განკულაკება. სიმდიდრის გარეგნული ნიშნების არარსებობის შემთხვევაში განკულაკების კომისია იყენებდა სოფსაბჭოში არსებულ ძველ ფისკალურ სიებს, გეპეუს ინფორმაციებს და მეზობელთა დასმენებს. განკულაკებულის ქონება მთლიანად იძარცვებოდა ან კაპიკებად იყიდებოდა აუქციონზე. განკულაკებულთა 90 პროცენტი საშუალო გლეხი იყო.

პირველი კომუნა ჩვენს სოფელში შეიქმნა. თავიდან კომუნაში ვისაც უნდოდა, ის შევიდოდა, სანამ კოლმეურნეობების შექმნას დაიწყებდნენ. ჩვენმა სოფლელებმა ერთ დიდ საბძელში საქონელი და ქათმები შეყარეს, რაც სარჩო-საბადებელი ჰქონდათ, სახლიდან მოიტანეს. ყოველდღე თითო ძროხას კლავდნენ და ერთად ჭამდნენ და სვამდნენ, თან ხარობდნენ, ეს რა კარგი ყოფილა კომუნაო. მე და ჩემი მეგობარი ბათუ (ვლადიმერ ბესელია) კომუნაში არ შევსულვართ. ბათუ სულ კითხულობდა, ამათ ეს სასმელ-საჭმელი რომ გაუთავდებათ, რა უნდა ქნანო? მაგრამ ამაზე არავის უფიქრია. საქონელი რომ გათავდა, შემდეგ ქათმების დაკვლა დაიწყეს, ბოლოს კი ჭინჭრის ფხალს ჭამდნენ.

გლეხი ჯ. ხურცილავა (დაბა ნოქალაქევი, სენაკის რაიონი)

კოლექტივიზაციის დასაწყისში (1929 წლის სექტემბერი - 1930 წლის მარტი) პარტიული და სახელმწიფო აპარატი მომართული იყო გლეხების საკუთრებაში არსებული საქონლის კოლექტივიზაციისკენ. ამ ძალადობრივი პოლიტიკის პირველ ტალღას მასობრივი წინააღმდეგობა და საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. გეპეუმ აღრიცხა 14 ათასი გამოსვლა, რომლებშიც 2,5 მილიონი გლეხი მონაწილეობდა. შემდეგ გლეხთა უკმაყოფილებამ სტალინი აიძულა, შეენელებინა კოლექტივიზაციის ტემპი და ყველაფერი გადააბრალა ხელქვეითებს, ცნობილ წერილში „თავბრუდახვევა წარმატებისაგან“ („პრავდა“, 1930 წლის 2 მარტი).

კოლექტივიზაციის წლებში უამრავ ადამიანს შეეხო რეპრესიები. დაზარალდა სოფლის მეურნეობა, შემცირდა პროდუქციის წარმოება, მოისპო მატერიალური დაინტერესების საფუძველი. მიუხედავად ამისა, საბჭოთა ხელისუფლებამ პოლიტიკურ მიზანს მაინც მიაღწია. სოფლად შეიქმნა ეკონომიკურად და სოციალურად გათანაბრებული კოლმეურნე გლეხობის მრავალმილიონიანი ფენა, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების მტკიცე დასაყრდენს წარმოადგენდა. უფრო კონკრეტულად, 1929-1938 წლებში საბჭოთა კავშირში აქტიური კოლექტივიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა 250 ათასი კოლმეურნეობა, რომლებშიც გაერთიანებული იყო 26 მილიონი გლეხური კომლი. ისინი სახელმწიფოს სრულ საკუთრებას წარმოადგენდნენ. განთავისუფლებიდან 70 წლის შემდეგ რუსეთში გლეხობა ისევ ყმებად აქციეს. ვინც კოლექტივიზაციის პროცესს შეეწინააღმდეგებოდა, მას აცხადებდნენ „კულაკად“, ხვრეტდნენ ან ასახლებდნენ. „განკულაკების“ პროცესში 15 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ინდუსტრიალიზაციის სტალინური ვერსიის განხორციელება მხოლოდ ადამიანური და ბუნებრივი რესურსებით ისეთ მდიდარ ქვეყანაში იყო შესაძლებელი, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო. საბჭოთა კავშირის ცენტრალური სტატისტიკური სამმართველოს მონაცემების თანახმად, 1952 წელს მოქალაქის დღიური საშუალო საკვები ნორმა (რომელიც მხოლოდ დიდ ქალაქებში სრულდებოდა), იყო ნახევარი კილო პური, 0,38 ლიტრი რძე, ერთი-ორი კოვზი შაქარი და 40 გრამი ხორცი, ანუ უფრო ნაკლები, ვიდრე ნაცისტური გერმანიის საოკუპაციო რეჟიმმა დაუწესა საფრანგეთის მოსახლეობას 1940 წლის შემოდგომაზე.

ლაშა ოთხმეზური, რადიო თავისუფლება, „სტალინი მენეჯერი“

1932-1933 წლებში საბჭოთა რეჟიმმა მოაწყო ხელოვნური შიმშილობა და ტერორი უკრაინასა და მის მიმდებარე კაზაკთა მიწებზე. სურსათის მთელი მარაგი ხალხს ძალით წაართვეს, ჩააყენეს სამხედრო კორდონი, რომელიც არავის აძლევდა გარედან პროდუქტის შემოტანის საშუალებას. ამ ტერორის მიზანი იყო, ჩაეკლათ უკრაინული ნაციონალური პროტესტის ტალღა. დაიღუპა 7 მილიონი ადამიანი. ეს ფაქტი მსოფლიო ისტორიაში დღემდე საკუთარი მოსახლეობისათვის გენოციდის მოწყობის უპრეცედენტო ფაქტად არის მიჩნეული.

შიმშილობას მსხვერპლი მოჰყვა რუსეთის ევროპულ ნაწილშიც, აგრეთვე ციმბირში, ჩრდილოეთ კავკასიასა და შუა აზიაში. შიმშილმა და სასოწარკვეთამ 1,5 მილიონამდე ადამიანს მეზობელ ჩინეთში მიგრაცია აიძულა.

საბჭოთა გლეხობა, როგორც შეეძლო, წინააღმდეგობას უწევდა სტალინის ამ კამპანიას - კოლექტივიზაციას გმობდნენ, როგორც „მეორე ბატონყმობას“ და ბოლშევიკური რევოლუციის ღალატს, რადგან რევოლუცია გლეხებს „მშვიდობას და მიწას“ ჰპირდებოდა. ამას ემატებოდა მორწმუნე გლეხებში გავრცელებული შეხედულება, რომ საბჭოთა მთავრობა ანტიქრისტიანული იყო და კოლექტიურ ფერმებში გაწევრიანება სულის ჯოჯოხეთისთვის გაწირვას უდრიდა.

ბოლშევიკური პირობები აღუწერელია. მე ვერც წარმოვიდგენდი, რომ შესაძლებელია ასეთი სიღატაკე. ხალხმა აქ არაფერი არ იცის ელექტრული გაყვანილობის, რადიოს, გაზეთების და ამგვარის შესახებ. არ შეიძლება, სადაც ისინი ცხოვრობენ, უწოდო სახლები. მხოლოდ დამპალი თივით გადახურული ქოხმახები. ირგვლივ თვალუწვდენელი მოტოვებული ველებია. არ არის თუნდაც პატარა მაღაზია. ეს ისაა, რასაც ხალხისაბჭოთა სამოთხესუწოდებს.

ვერმახტის უფროსი სერჟანტი კურტ ჰუმელი

„1941 წელი - საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პოლიტსამმართველოს მსხვერპლნი გერმანელი ჯარისკაცის თვალით: წერილები აღმოსავლეთის ფრონტიდან“, 1941 წელი.

კოლექტივიზაციის დროს უდანაშაულოდ რეპრესირებულთა რიცხვი საქართველოშიც ძალზე დიდი იყო. საქართველოში სოფლის კოლექტივიზაცია ერთბაშად მაინც ვერ მოხერხდა. მიზეზი გლეხობის წინააღმდეგობა იყო. 1928 წლისთვის საქართველოში კოლექტივიზაციის დონე ერთ პროცენტსაც არ უდრიდა, ხოლო 1932 წელს ოცდათექვსმეტს გადააჭარბა. კოლექტივიზაციის პროცესზე შეიძლება ვიმსჯელოთ შემდეგი მონაცემებით: 1928 წელს მთელ საქართველოში კოლექტიურ მეურნეობებში გაერთიანებული იყო 3574 გლეხური მეურნეობა, 1932 წელს - 165 671, ხოლო 1937 წელს - 373 944. აღსანიშნავია ისიც, რომ 1937 წელს კოლექტიურ მეურნეობებში კიდევ არ იყო გაერთიანებული 116 354 გლეხური მეურნეობა.

კოლექტივიზაციამ საქართველოში სოფლის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა. კოლმეურნეობებს მოწეული მოსავლის მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი რჩებოდათ. სახელმწიფო გეგმების ზრდასთან ერთად ხელისუფლება ადმინისტრაციულ მეთოდებს იყენებდა. შრომის ანაზღაურება ხელოვნურად გაათანაბრეს, რაც ასევე აფერხებდა ეკონომიკურ წინსვლას სოფლად. საქართველოს ხელისუფლებას არ შეეძლო სოფლის უზრუნველყოფა ახალი ტექნოლოგიით, არ გასცემდა სესხებს გლეხური მეურნეობის განვითარების მიზნით. სოფლის ეკონომიკური დაქვეითების პირობებში სულ უფრო ძლიერდებოდა სოციალური დაძაბულობა, იზრდებოდა უკმაყოფილება საბჭოთა ხელისუფლების მიმართ. ქართველი გლეხი მისი დუხჭირი ცხოვრების მიზეზად საბჭოთა ხელისუფლებას მიიჩნევდა.

სტალინის მიზანი, სწრაფად გადაექცია საბჭოთა კავშირი ინდუსტრიულ ქვეყნად, უკავშირდებოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდის აუცილებლობას - მზარდი რაოდენობის მუშების გამოსაკვებად, აგრეთვე ვალუტის გამოსამუშავებლად, რათა  მარცვლეულის ექსპორტის მეშვეობით უცხოური ტექნოლოგია შეეძინათ. პრობლემის მოგვარების გზად მან კოლექტივიზაცია გამოაცხადა - გლეხების იძულება, უარი ეთქვათ თავიანთ მიწებზე და სახელმწიფოს კუთვნილ, სახელმწიფოს მიერ მართულ უზარმაზარ სასოფლო-სამეურნეო საწარმოებში ემუშავათ.

1929-1939 წლებში 5-იდან 99 პროცენტამდე გაიზარდა იმ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მაჩვენებელი, რომლებსაც კოლექტიური ფერმები აკონტროლებდნენ.

1935 წელს სტალინმა პირველად ახსენა ლოზუნგი „კადრები წყვეტენ ყველაფერს“, რაც მისი პოლიტიკის ფუნდამენტად იქცა. სტალინმა გამოიგონა „სტახანოვური მოძრაობა“, სოციალისტური წარმოების ნოვატორთა - მოწინავე მუშების, კოლმეურნეების, ინჟინერ-ტექნიკოსთა პერსონალის მასობრივი მოძრაობა. ამიერიდან, ნებისმიერი ეკონომიკური წარუმატებლობა ჰბრალდებოდა ან ხალხში შენიღბულ მემარჯვენე-ტროცკისტებს, ან კადრების პოლიტიკური აღზრდის დეფიციტს. მსგავსი პროპაგანდით ნიადაგი მზადდებოდა „ხალხის მტრებზე“ სანადიროდ. მასობრივი ფსიქოზის დანერგვა და მუდმივი შეთქმულების თეორიის, ხალხის მტრების დაუცხრომელი ძიება სტალინის ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი იყო.

 

No Comments Yet.