მითი 7 – სტალინი კარგი ქართველი იყო – უყვარდა ქართული კულტურა და ტრადიციები

სტალინი კარგი ქართველი იყო - უყვარდა ქართული კულტურა და ტრადიციები

საქართველოში სტალინის კულტის დამკვიდრებას ხელი შეუწყო სტალინის ქართულმა წარმოშობამ. როდესაც საუბრობენ სტალინის საქართველოსადმი დამოკიდებულებაზე, მოიხმობენ მისი ბიოგრაფიის ადრეულ ეპიზოდებს. კერძოდ, ქართულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებულ რამდენიმე ლექსს, რომლებშიც თითქოს აშკარად ჩანს სტალინის სიყვარული სამშობლოს მიმართ. იხსენებენ აგრეთვე მისი ცხოვრების გვიანდელ პერიოდს, როდესაც ის შვებულების პერიოდს საქართველოში ატარებდა და ამას სამშობლოსადმი ნოსტალგიით ხსნიან. ამ მითის ავტორები ქართული კულინარიისა და ღვინის მიმართ სტალინის განსაკუთრებულ დამოკიდებულებასაც მის „პატრიოტიზმს“ მიაწერენ.

დესტალინიზაციის (14) პერიოდში არსებობდა თვალსაზრისი, განსაკუთრებით რუსი ეროვნების კომუნისტებს შორის, რომ სტალინი განსაკუთრებულად ზრუნავდა საქართველოზე. საინტერესოა, თავად სტალინს რამდენად მიაჩნდა თავი ქართველად?

სტალინის ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ოჯახში ქართული სული არ სუფევდა, მამა მთლიანად გარუსებული იყო“. სტალინი თავის ავტობიოგრაფიაში მიუთითებდა, რომ მისი მშობლიური ენა იყო რუსული. იაპონელ ჟურნალისტთან ინტერვიუში სტალინი ყოველგვარი სენტიმენტალობის გარეშე ამბობდა, „რუსიფიცირებული ქართველი“ ვარო.

სტალინს არ მიუღია ქართული განათლება. ბავშვობიდან მისი იდენტობა ჩამოყალიბდა საკმაოდ ჭრელ სოციალურ კონგლომერატში: ქართველი მშობლები, რუსულენოვანი სემინარია, ინტერნაციონალური და პროლეტარული სოციალური გარემო გორში, თბილისში, ბათუმსა და ბაქოში.

შემთხვევითი არ არის, რომ მისი არცთუ ურიგო სამწერლო დებიუტი, რაც ბავშვობასა და ქართულ ენასთან ასოცირდებოდა, დასრულდა 17 წლის ასაკში, გაგრძელების მცდელობის გარეშე.

ქართველი სოციალ-დემოკრატების მენშევიკური ნაწილის ელიტას ძირითადად გაღარიბებული თავადაზნაურობა წარმოადგენდა. ამდენად, მათში ქართული ნაციონალიზმი საკმაოდ ფესვგამდგარი იყო და, მარქსიზმთან წინააღმდეგობის მიუხედავად, ის გარკვეული ფორმით მეტ-ნაკლებად მაინც იჩენდა ხოლმე თავს.

სტალინი, მრავალი ქართველი ბოლშევიკის მსგავსად, არასდროს ყოფილა ქართველი ნაციონალისტი. გარემო, სადაც ის გაიზარდა, სხვა იდეალებს უნერგავდა ახალგაზრდებს. საქართველოდან მას ადრეული ხალხოსნობის იდეები, ხალხისთვის მებრძოლი ყაჩაღების ჰეროიკული ხსოვნა გაჰყვა. ამ იდეების პრაქტიკული რეალიზაცია მოხდა რუსეთში, როდესაც სტალინმა გაიზიარა პროლეტარიატის ბრძოლის ლენინისეული პროგრამა გლეხთა და მუშათა კლასის ერთობისა და სოციალური თავისუფლების შესახებ.

საქართველოსადმი მის უარყოფით დამოკიდებულებაში თავისი როლი შეასრულა სოციალ-დემოკრატებს შორის არსებულმა განხეთქილებამ. ქართველმა მენშევიკებმა, რომლებიც განათლებით, პოლიტიკური მომზადებითა და გავლენით ბევრად აღემატებოდნენ ქართველ ბოლშევიკებს, ადვილად შეავიწროეს ისინი და საქართველოში ასპარეზი შეუზღუდეს მათ. ეს მდგომარეობა ენერგიული და ამბიციური იოსებ ჯუღაშვილისთვის სრულიად მიუღებელი იყო. ამ მიზეზით დატოვა მან საქართველო, შემდეგ კი კავკასია და ბედი რუსეთში სცადა, სადაც მისი პოლიტიკური კარიერა გაცილებით მზარდი და ნაკლებკონკურენტული იყო.

რუსეთში იპოვა მან თავისი ადგილი. იქ ჩამოყალიბდა რუს ნაციონალისტად, მეტიც  - შოვინისტად. მას შესანიშნავად ესმოდა, რომ წარმოშობით არარუსს რუსეთში თავის დამკვიდრება მხოლოდ ჭარბი „რუსული პატრიოტიზმით“ შეეძლო. ეს მდგომარეობა მალევე იქცა სტალინის პოლიტიკურ კრედოდ, რაც ჯერ მის თეორიულ ნააზრევში აისახა, შემდეგ კი - პრაქტიკულ საქმიანობაშიც.

სტალინისთვის საქართველო არ აღიქმებოდა ერთიან ქვეყნად, საერთო კულტურით, ისტორიით, ეროვნული თვითშეგნებით. მას საკმაოდ მყარად ჩამოყალიბებული დამოკიდებულება ჰქონდა როგორც ნაციონალიზმის იდეის, ისე საქართველოს და ქართველი ერის მიმართ. აი, ციტატები მისი შრომებიდან: „საქართველოს არ შეუძლია რუსეთის გარეშე არსებობა...“, „ქართველები მებრძოლი შოვინისტები არიან - ისინი საშინლად ავიწროებენ სხვებს: სომხებს, აზერბაიჯანელებს, აფხაზებს, აჭარლებს, ოსებს“, „ქართველი არა ეროვნება, არამედ კონგლომერატია“. ნაციონალურ საკითხს სტალინი მეორეხარისხოვნად მიიჩნევდა. მეტიც, მისი აზრით, ნაციონალიზმი ხელისშემშლელი იყო პროლეტარიატის საბოლოო მიზნის - რევოლუციის გამარჯვებისთვის.

 „პროლეტარიატის გამარჯვებისათვის საჭიროა ყველა მუშის შეერთება, განურჩევლად ეროვნებისა. ცხადია, ნაციონალური კედლების დანგრევა და მჭიდროდ შეკავშირება რუსი, ქართველი, სომეხი, პოლონელი, ებრაელი და სხვა პროლეტარებისა - რუსეთის პროლეტარიატის გამარჯვების აუცილებელი პირობაა. თავისთავად აღებულს ეგრეთ წოდებულ „ნაციონალურ ინტერესებს“ ფასი არა აქვს. ეს „ინტერესები“ ყურადღების ღირსია მხოლოდ იმდენად, რამდენადაც მათ შეუძლიათ წინ წასწიონ პროლეტარიატის კლასობრივი თვითშეგნება, მისი კლასობრივი განვითარება... არავითარი „ნაციონალური სული“ არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. თავისთავად ცხადია, რომ ყოველივე დაცვა იმისი, რაც არ არსებობს, ლოგიკური სისულელეა“.

 

იოსებ სტალინი, „როგორ ესმის სოციალ-დემოკრატიას ნაციონალური საკითხი?“ გამომცემლობა „სახელგამი“, 1954 წ.

სტალინი სრულად იზიარებდა მარქსისტულ თვალსაზრისს პროგრესული (ცივილიზებული) და რეგრესული (ბარბაროსული) ერების შესახებ. მისი აზრით, რუს ერს ისტორიაში ეკისრა განსაკუთრებული მისია - სხვა უფრო ჩამორჩენილი ერების გადარჩენა. „რუსეთის ექსპანსია ჩამორჩენილ ტერიტორიებზე იყო პროგრესის გავრცელება... რუსეთის ექსპანსია უკრაინაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში სასარგებლოა მასში მონაწილე ერებისთვის. აზიის ისტორიული ლიდერები, რომლებიც ებრძოდნენ რუსეთს, გაკიცხვას იმსახურებდნენ, როგორც ჩამორჩენილი სოციალურ-ეკონომიკური სისტემის წარმომადგენლები. ანტიკოლონიური ბრძოლები მხოლოდ მაშინ არის მოსაწონი, თუ ისინი წარმოადგენენ იმპერიალისტური მთავრობის წინააღმდეგ რუსი ხალხის ერთიანი ბრძოლის ნაწილს“.

ამ თვალსაზრისის დანერგვის მცდელობა იყო „ნაკლები ბოროტების თეორიის პრინციპის“ დანერგვა. სტალინმა მოახდინა საქართველოს ისტორიის რევიზია და მიუთითა ქართველ ნაციონალისტ ისტორიკოსებს, რომ ყველა დამპყრობელი არ არის ბოროტი, ზოგი ნაკლებად ბოროტია, თუ მას სოციალურ-პოლიტიკური განვითარების თვალსაზრისით მოაქვს „პროგრესი“.

„მას (სტალინს) ძალიან შეზღუდული, ვიწრო ნაციონალიზმი ახასიათებდა. აღმოსავლეთ საქართველოდან ძალიან ცოტა იყო მაღალი თანამდებობის პირი. ეს აწუხებდა სტალინს. თან ვიღაც-ვიღაცებიც ახელებდნენ და ერთი საუბრის დროს მითხრა, თქვენ ადმინისტრაციული დაყოფა არ გაქვთ მაინცდამაინც კარგი. მისთვის ის კი არ იყო მნიშვნელოვანი, რომ ადმინისტრაციული დაყოფა გაუმჯობესებულიყო, არამედ, როგორმე დასავლეთ საქართველო გამოყოფოდა აღმოსავლეთს. ეგონა, რომ გამოყოფით იქ მოსახლეობას დავამაგრებდით და აღარ წამოვიდოდნენ აქეთ. მოკლედ, უნდოდა, რომ მიგრაცია დასავლეთიდან აღმოსავლეთში შეწყვეტილიყო. ქუთაისში გადაგვატანინა უნივერსიტეტი, სუბტროპიკული ინსტიტუტი. 1951 წელს რესპუბლიკის ტერიტორია ორ ოლქად გაიყო: თბილისის და ქუთაისის ოლქები, რაც ძალიან ჰგავდა მეფისდროინდელ გუბერნიებს“.

კანდიდ ჩარკვიანი

გელა ჩარკვიანი, „ინტერვიუ მამათან“, 2013 წელი, თბილისი

სტალინის პერიოდში საქართველოს პოლიტიკური ლიდერი კანდიდ ჩარკვიანი უარყოფს სტალინის განსაკუთრებულ დამოკიდებულებასა და გამორჩეულ ყურადღებას საქართველოსადმი. თანამედროვეთა ცნობით, სტალინს ყოველთვის აფიქრებდა მასზე შექმნილი საზოგადოებრივი აზრი და მეტისმეტად ცდილობდა, მავანს არ ეფიქრა, რომ იგი განსაკუთრებულ მზრუნველ დამოკიდებულებას იჩენდა ქართველების მიმართ.

„სტალინის დროს არ ყოფილა განსაკუთრებული მდგომარეობა საქართველოში. ასეთი ამორჩეულობა საქართველოსი არ ყოფილა და, სტალინის ხასიათი რომ ვიცი, არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ბევრს ზრუნავდა ჩვენი მეურნეობის, ჩაის, ციტრუსების, მევენახეობის განვითარების შესახებ... ფიქრობდა იმაზე, რომ ეს ძვირფასი კულტურები, რომლებიც მხოლოდ საქართველოშია გავრცელებული, ისეთი მასშტაბით განვითარებულიყო, რომ საბჭოთა კავშირს ჰქონოდა საკუთარი ციტრუსები, ყურძენი, ღვინო“.

კანდიდ ჩარკვიანი

სტალინის რუსული ნაციონალიზმი აშკარად გამომჟღავნდა საბჭოთა კავშირის შექმნის წინა პერიოდში, როდესაც მას დაპირისპირება მოუხდა ლენინთან.

1922 წელს ლენინისადმი გაგზავნილ წერილში ის დროებითად მიიჩნევდა მსგავს პოლიტიკას და ამტკიცებდა: „სამოქალაქო ომის 4 წლის განმავლობაში... უცხოური ინტერვენციის გამო ჩვენ იძულებულნი ვიყავით გვეჩვენებინა მოსკოვის ლიბერალიზმი ნაციონალურ საკითხთან დაკავშირებით“. სტალინი საჯაროდ უარყოფდა „ერების თვითგამორკვევის“ პრინციპს, რაც ლენინმა წამოაყენა, როგორც პოსტიმპერიულ რუსეთში ნაციონალური საკითხის უმტკივნეულოდ გადაჭრის საშუალებას. სტალინი ამ პრინციპს ძველმოდურს უწოდებდა და აცხადებდა: „თვითგამორკვევის პრინციპს უარი უნდა ეთქვას არა მარტო იმიტომ, რომ ის არსობრივად ეწინააღმდეგება ცენტრისა და სასაზღვრო რეგიონების კავშირის შექმნის საკითხის ფორმულირებას, არამედ ძირითადად იმიტომ, რომ ის ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება ხალხის მასების ინტერესებს, როგორც ცენტრში, ისე სასაზღვრო რეგონებში“.

ლენინს სურდა საბჭოთა კავშირი შეექმნა იმ სახით, რომ მასთან ალიანსი მიმზიდველი ყოფილიყო სხვა დიდი ერებისთვის (გერმანია, რუმინეთი, ფინეთი, უნგრეთი...) მომავალში მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის გაგრძელებისა და მათი გასაბჭოების შემთხვევაში. სტალინი, როგორც პრაგმატიკოსი და ნაციონალური საკითხის ხისტად გადაჭრის მომხრე, იმთავითვე ფიქრობდა რუსეთის სახელმწიფოს პოლიტიკურ გაძლიერებას ერთიანი ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაქვემდებარებით. მისთვის მიუღებელი იყო ყოველგვარი საბჭოთა ნაციონალური სახელმწიფოები და ერთა თანასწორობა. სტალინი ლენინისადმი წერილში ამტკიცებდა ამ ერების უპრობლემოდ ასიმილაციის შესაძლებლობას: „ეს ერები (ბაშკირები, უკრაინელები, ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები) ან უკმაყოფილონი იყვნენ თავისი სახელმწიფოებრობით, ან დაკარგეს ის დიდი ხნის წინ, რის საფუძველზეც საბჭოთა (ცენტრალიზებული) ტიპის ფედერაცია მისაღები იქნება მათთვის განსაკუთრებული წინააღმდეგობის გარეშე“.

ამის გამო ლენინმა მას „ველიკორუსი დერჟიმორდა“ უწოდა. „სტალინის სიჩქარემ და უგუნურმა გატაცებამ წმინდა ადმინისტრირებით, აგრეთვე მისმა ჯიბრმა ნაციონალ-უკლონისტების წინააღმდეგ ფატალური როლი შეასრულა.

არსებობდა საბჭოთა სახელმწიფოს მომავალი მოწყობის ორი პროექტი:

ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისარმა იოსებ სტალინმა ცეკას განსახილველად წარუდგინა პროექტი, რომლის მიხედვით, ახალ სახელმწიფოს ეწოდებოდა რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკა და მის შემადგენლობაში ავტონომიური ერთეულების სახით შევიდოდნენ სხვა ერები. ამ პროექტს ეწოდა „ავტონომიზაციის გეგმა“.

ალტერნატიული პროექტი, რომელიც განხორციელდა კიდეც, წარადგინა ლენინმა. ეს პროექტი ითვალისწინებდა სრულიად ახალი სახელმწიფოს - საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის (შემოკლებით სსრკ) შექმნას, სადაც ცალ-ცალკე, თანასწორუფლებიანი რესპუბლიკების სახით შევიდოდა ოთხი რესპუბლიკა (რუსეთის სფსრ, უკრაინის სსრ, ბელორუსიის სსრ, ამიერკავკასიის სფსრ).

საქართველოს კომუნისტების ნაწილი ეწინააღმდეგებოდა ამიერკავკასიის ფედერაციას. მათ სურდათ, საბჭოთა საქართველო დამოუკიდებელი რესპუბლიკის სახით შესულიყო საბჭოთა კავშირში. ეს ჯგუფი, რომელსაც უწოდეს „ნაციონალ-უკლონისტები“ და რომლის მეთაური იყო ბუდუ მდივანი, კომუნისტური პარტიის შიდა ოპოზიციად გადაიქცა და 30-იან წლებში ფიზიკურად გაანადგურეს სტალინის ბრძანებით.

30-იან წლებში, როდესაც სტალინმა სრული ძალაუფლება მოიპოვა, ნაციონალური საკითხი მთლიანად დაუქვემდებარა პოლიტიკურს. იგი ყოველთვის ხაზს უსვამდა რუსი ერის სიდიადეს და სხვა ერების ჩამორჩენილობას; რომ რუსმა ერმა იკისრა სხვა მცირერიცხოვანი ერების განვითარება და ყველა ერი სწორედ რუსი ერის მფარველობით შეიძლებოდა განვითარებულიყო. ამდენად, ყველაფერი, ყოველგვარი ეროვნული საჭიროება უნდა დაქვემდებარებოდა პროგრესისა და სწრაფი ინდუსტრიალიზაციის კურსს.

სტალინი, როგორც რუსი შოვინისტი, ქმნიდა ეროვნებათა იერარქიებს, ადგენდა ეროვნებათა კატეგორიების სიებს მოსახლეობის აღწერისთვის. სტალინის რუსული იმპერიალისტური ნაციონალური პოლიტიკის ყველაზე აშკარა გამოხატულებაა მე-20 საუკუნის 40-იან წლებში მთელი ერებისთვის მოღალატის იარლიყის მიწებება და მათი გადასახლებები. ამ მასშტაბის დანაშაული კავკასიის დაპყრობის დროსაც კი ვერ შეძლეს ცარიზმის მოხელეებმა.

30-იან წლებში სტალინიზმის იდეოლოგიაში დასრულებული სახე მიიღო ნაციონალურმა საკითხმა. ამ დროისთვის სტალინმა უარი თქვა მსოფლიო პროლეტარული რევოლუციის განხორციელების მარქსისტულ იდეაზე და დაამკვიდრა „ერთ ქვეყანაში სოციალიზმის აშენების პრინციპი“. საბჭოთა კავშირი იყო „გაერთიანებული ძმური ოჯახი, სადაც თითოეული ერი შეინარჩუნებდა თავის ტრადიციებს“. ამ ოჯახში წამყვანი როლი ეკუთვნოდა რუს ერს, როგორც უფროს ძმას. რუსი ერის ლიდერობის საფუძველი იყო ტერიტორიის სიდიდე, შედარებით განვითარებული მრეწველობა, კულტურა, სახელმწიფოებრივი ტრადიცია, რევოლუციური აქტივობა და სოციალისტური განწყობა.

სტალინის აზრით, „ერების შერწყმა შესაძლებელი გახდებოდა მხოლოდ მსოფლიო მასშტაბით სოციალიზმის გამარჯვების შემდგომ, მანამდე კი სოციალიზმი ნიშნავდა ეროვნული კულტურის აყვავებას, „სოციალისტურს ფორმით და ეროვნულს შინაარსით“. სტალინმა 1933 წელს რუს ერს უწოდა „ყველაზე ნიჭიერი ერი მსოფლიოში“, ხოლო 1945 წელს, ომის დამთავრების აღსანიშნავ წვეულებაზე გამორჩეულად ადღეგრძელა „დიდებული  რუსი ერი“.

No Comments Yet.