მითი 8 – სტალინი ასკეტურად ცხოვრობდა და მატერიალური სიმდიდრე არ აინტერესებდა

სტალინი ასკეტურად ცხოვრობდა და მატერიალური სიმდიდრე არ აინტერესებდა“

ეს მითი უკავშირდება სტალინის სიცოცხლეში შექმნილ პორტრეტს - მშრომელი ხალხის კეთილდღეობისთვის მარად მზრუნველი „ყველა დროისა და ხალხების მამა“. ისტორიაში არნახული მასშტაბისა და გავლენის სტალინის კულტი, რომლის შექმნაზეც სტალინის ბრძანებით წლების განმავლობაში მუშაობდნენ სახელმწიფო და სამეცნიერო დაწესებულებები, მოიცავდა სტალინის პროპაგანდისტულ იმიჯს - თითოეულ საბჭოთა მოქალაქეზე მზრუნველი ბელადი ცხოვრობდა ასკეტურად, ყოველგვარი ფუფუნებისა და კომფორტის გარეშე, არ გააჩნდა არაფერი ერთი კიტელის, ჩიბუხისა და ჩექმების გარდა.

საბჭოთა კავშირი იყო სახელმწიფო, სადაც ოფიციალურად იყო აკრძალული კერძო საკუთრება. საცხოვრებელი სახლებიც კი სახელმწიფოს საკუთრებაში იყო. მოქალაქეები მხოლოდ მოქირავნეები იყვნენ და სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეეძლო მათთვის საცხოვრებლის გამოცვლა ან საერთოდ საცხოვრებლიდან გამოძევება და გადასახლება.

რეალურად, საბჭოთა კავშირში ერთადერთ მესაკუთრედ შეგვიძლია იოსებ სტალინი მივიჩნიოთ, რადგან ოფიციალურად გამოცხადებული სოციალური თანასწორობისა და არსებული კონსტიტუციის მიღმა, მთელი ქვეყანა სწორედ ამ ერთ პიროვნებას ექვემდებარებოდა და მისი ნება-სურვილი ყოველგვარ კანონზე მაღლა იდგა.

საიმიჯო-პროპაგანდისტული უბრალოების მიღმა სტალინი არ იკლებდა კომფორტს და პერსონალურ სიამოვნებებს, რაც ყველა ეპოქის დიქტატორებისთვის არის დამახასიათებელი და არც სტალინი წარმოადგენდა გამონაკლისს.

ძალაუფლების განმტკიცებისა და უსაფრთხოების გარანტიის პირობებში, 30-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული სტალინისთვის ჩვეულ ამბად იქცა მოსკოვის ხანგრძლივად დატოვება (ზოგჯერ წელიწადში 2-3 თვით) და სამხრეთში, შავი ზღვის კურორტებზე დასვენება. ამ დროს ის თავის მოადგილე კაგანოვიჩთან მუდმივი საინფორმაციო პაკეტების გაცვლით, მოგვიანებით აგრეთვე სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით მართავდა ქვეყანას. დასვენების ეს ტრადიცია კიდევ უფრო გაღრმავდა ომის შემდგომ, როდესაც გამრავალფეროვნდა დასასვენებელი ადგილები.

სტალინის პერსონალურ განკარგულებაში იყო ათეულობით აგარაკი. ზოგიერთი ძალზე უყვარდა, ზოგიერთში კი, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეკვეთით და პირადად მისთვის ააშენეს, არასდროს უცხოვრია.

თუ რა მატერიალური და ადამიანური რესურსი იხარჯებოდა სპეცსანატორიუმების მომზადებაზე, რომელიც დააკმაყოფილებდა დიქტატორის მოთხოვნებს, ნათლად მეტყველებს მაშინდელი საქართველოს ლიდერის კანდიდ ჩარკვიანის მოგონება:

„სტალინი როცა მოხუცდა, უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა საკუთარ თავს და ჯანმრთელობას. ომის შემდეგ ის სულ შავი ზღვის სანაპიროზე ისვენებდა და უცებ გადაწყვიტა წასულიყო წყალტუბოში დასავენებლად. იქ მაშინ ერთადერთი სანატორიუმი იყო და სწრაფად გავარემონტეთ, რომ სტალინის მისაღებად მზად ყოფილიყო. მოსკოვიდან ორ დღეში წამოვედით მატარებლით. სტალინი სადგურებზე ჩამოდიოდა და ბაქანზე სეირნობდა. ერთადერთი სადგური, რომელიც ხალხისგან მთლიანად გაწმინდეს ჩეკისტებმა, იყო სამტრედია... წყალტუბოში აბაზანებს იღებდა, გაჩერდა ათი დღე. შემდეგ ძალიან დაცხა და შეწუხდა, როდესაც შევთავაზე დროებით ბორჯომში გადასვლა, და სიცხეების გადავლის შემდეგ უკან დაბრუნება. ახლავე წავიდეთო. ძლივს დავითანხმე, რომ მეორე დღეს წავსულიყავით. წყალტუბოში მოტანილი სარემონტო მასალა, სანტექნიკა ღამე გავაზიდინე და ჩეკისტები დავაყენეთ თავზე, რომ ყველაფერი დაემონტაჟებინათ“.

„სტალინის ცხოვრებაზე გაწეული ხარჯებისთვის ერთი თვალის გადავლებაც საკმარისია, რომ დავრწმუნდეთ - „ბელადის გაქანება“ ეგვიპტელი ფარაონისას უფრო წააგავდა, ვიდრე რევოლუციური რომანტიზმით გამსჭვალული ასკეტი მბრძანებლისას. მაგალითად, 1951 წელს სტალინის მხოლოდ ბინასა და აგარაკზე (სადაც იმ წელს ისვენებდა) დაიხარჯა 26,3 მილიონი მანეთი. ეს მაშინ, როცა კოლმეურნის საშუალო წლიური ხელფასი იყო 1080 მანეთი; ანუ 1951 წელს სტალინის მარტო ბინების შენახვა სახელმწიფოს დაუჯდა იგივე თანხა, რაც 24 352 კოლმეურნის წლიური ხელფასი!“ - წერს ლაშა ოთხმეზური რადიო თავისუფლების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში „სტალინი ასკეტი“.

სტალინის ოფიციალური სამთავრობო აგარაკების არასრული ნუსხა:

  • „სემიონოვსკაია“ - მოსკოვიდან 100 კმ-ით დაშორებული, 800 კვ. მ., 8 ოთახი. სტალინი აქ მოდიოდა სანადიროდ და დასასვენებლად, აგრეთვე საბუთების მომზადებისას (შემონახულია შეცვლილი სახით).
  • „ზუბალოვო“ - მოსკოვის გარეუბანი (1926-1933 წწ.).
  • „კუნცევსკაია - 2 სართული, დაახლ. 1000 კვ. მ., 10 ოთახი (1933-1953 წწ.).
  • „ბლინოვკა - სოჭი. ორი სართული. 250 კვ. მ., 5 ოთახი. სტალინმა აქ ერთხელ დაისვენა, აგარაკი არ მოეწონა და კ. ვოროშილოვს გადასცა (შემონახულია შეცვლილი სახით).
  • „პუზანოვკა“ - სოჭი. 100 კვ. მ., 6 ოთახი (შემონახულია გადაკეთებული სახით).
  • „ახალი მაცესტა“ („მწვანე ჭალა“) - სოჭი. 2 სართული, 200 კვ. მ., 6 ოთახი (ამჟამად მემორიალური მუზეუმია).
  • „რივერა“ - სოჭის გარეუბანი. 1 სართული, 200 კვ. მ., 5 ოთახი (არ შემონახულა).
  • „გოლოვინკა“ - ყირიმი. 1 სართული. 150 კვ. მ., 4 ოთახი. სტალინი აქ ორჯერ იყო (პირვანდელი სახით არ შემონახულა).
  • „იავეინაია - ყირიმი. 1 სართული, 4 ოთახი, 150 კვ. მ. სტალინი აქ არასდროს მოსულა (არ შემონახულა პირვანდელი სახით.).
  • „კორეიზი- ყირიმი. 600 კვ. მ-ზე მეტი. აქ იმყოფებოდა 1945 წელს, იალტის კონფერენციის დროს.
  • „ტრაპეზნიკოვო - ყირიმი, 2 სართული, 300 კვ. მ., 7 ოთახი. სტალინი აქ რამდენიმეჯერ ისვენებდა, მათ შორის ალილუევასთან ერთად. შემდეგ აქ შეასახლა ე. იაროსლავსკი.
  • „რიწა“ - რიწის ტბის მახლობლად, საქართველოში (აფხაზეთი). 1 სართული. 200 კ. მ., 4 ოთახი
  • „ახალი ათონი - საქართველო (აფხაზეთი). 2 სართული, 200 კვ.მ., 6 ოთახი.
  • „ხოლოდნაია რეჩკა - გაგრიდან 11 კმ. საქართველო (აფხაზეთი). ზღვის დონიდან 130 მ. 2 სართული, დაახლოებით 500 კვ. მ., 8 ოთახი. ტერიტორიაზე არის სახლი ქალიშვილ სვეტლანასთვის (ამჟამად დასასვენებელი სახლია უცხოელ ტურისტებთვის).
  • ბორჯომი“ - საქართველო. რომანოვების საიმპერატორო რეზიდენცია. შენობა ააშენეს XIX საუკუნის ბოლოს. 2 სართული, 300 კვ. მ., 9 ოთახი. სტალინი აქ 1951 წელს ისვენებდა (შემონახულია დღემდე).
  • „წყალტუბო - საქართველო. 2 სართული. 200 კვ. მ., 5 ოთახი (შენობა შემონახულია).
  • „მიუსერა“ - საქართველო (აფხაზეთი). 1 სართული, 300 კვ. მ., 6 ოთახი. 1933 წლიდან მოყოლებული სტალინი აქ მრავალჯერ ისვენებდა (შენობა დღემდეა შემორჩენილი).
  • „სოხუმი“ - საქართველო (აფხაზეთი). აგარაკი განლაგებულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკურ ბაღში. 2 სართული, 600 კვ. მ., 20 ოთახი (შენობა შემონახულია).

No Comments Yet.