მითი 9 – სტალინმა საკუთარი შვილის სიცოცხლე სახელმწიფოს ინტერესებს შესწირა

„სტალინმა საკუთარი შვილის სიცოცხლე სახელმწიფოს ინტერესებს შესწირა“

ამ მითის საფუძველი თავისთავად იყო სტალინის კულტის მთავარი ლოზუნგი - „ყველა ხალხის მამა“. ბუნებრივია, იგი უპირველესად თავისი ოჯახისა და შვილების სანიმუშო მამა უნდა ყოფილიყო. 1967 წელს საბჭოთა კავშირიდან ემიგრაციაში გაქცეულმა სტალინის ქალიშვილმა სვეტლანა ალილუევამ გამოაქვეყნა მემუარები „ოცი წერილი მეგობარს“, რომელმაც სერიოზულად შეარყია ლეგენდა მეოჯახე სტალინზე. დღესდღეობით არ0სებული მრავალი საარქივო მასალა და მემუარი, სტალინის ბიოგრაფიის დეტალები დიდ დიქტატორს სრულიად სხვაგვარად წარმოაჩენს.

სტალინის რთული პიროვნული თვისებების საფუძველი მისი ბავშვობისა და სიყმაწვილის განცდებს, მძიმე ოჯახურ გარემოს უკავშირდება, რაც შემდგომ აისახა მის პირად ცხოვრებაზეც, ოჯახის წევრებთან დამოკიდებულებაზე. მრავალ დიქტატორს ჰქონდა მსგავსი ბიოგრაფია და სტალინი გამონაკლისი არ ყოფილა.

სტალინი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ დიდი მზრუნველობით არ გამოირჩეოდა. ის მათ აღიქვამდა, როგორც მისდამი მორჩილ არსებებს და, წინააღმდეგობის შემთხვევაში, ანადგურებდა. სტალინის ოჯახის წევრთა ტრაგიკული ბედი დიდწილად ბელადის მათდამი დამოკიდებულების შედეგი იყო. პირველი მეუღლე ეკატერინე სვანიძე რევოლუციური მოძრაობით გატაცებულ კობა ჯუღაშვილს უყურადღებოდ ჰყავდა მიტოვებული ჩვილ ბავშვთან ერთად, რასაც მისი ტიფით გარდაცვალება მოჰყვა 1907 წელს. მეორე მეუღლე, ნადეჟდა ალილუევა (1901-1932 წწ.), რომელიც 1919 წელს შეირთო ცოლად 41 წლის ასაკში, იმთავითვე უცხო იყო მისთვის, რასაც მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაც უწყობდა ხელს. სტალინისგან სრულიად შევიწროებულმა და ტერორიზებულმა ნადეჟდამ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

უფროსი ვაჟიშვილი იაკობ ჯუღაშვილი (1907-1943 წწ.), რომელიც დედის დაღუპვის შემდეგ რაჭაში იზრდებოდა თავის ბიძებთან, აგრეთვე სრულიად უცხო იყო მამისთვის - შვილი ფაქტობრივად 15 წლის ასაკში გაიცნო, როცა საქართველოდან მოსკოვში წაიყვანა. იაკობი ძნელად შეეგუა უცხო გარემოს, გარდატეხის ასაკს დაემთხვა მისი ურთიერთობაც გაუცხოებულ მამასთან, რაც მათ შორის მუდმივი კონფლიქტის საფუძველი იყო. მეორე მსოფლიო ომში ტყვედ ჩავარდნილი და ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილი იაკობ ჯუღაშვილი ტრაგიკულად დაიღუპა. იმ დროს, სტალინის განკარგულებით, გერმანელთა ტყვეობაში მოხვედრა სამშობლოს ღალატს გაუთანაბრდა, შესაბამისად, სტალინმა მას სილაჩრეში დასდო ბრალი, რომ თავის მოკვლა ვერ გაბედა. ამიტომ სტალინს მის მიმართ არანაირი ყურადღება არ გამოუჩენია. საბჭოთა პროპაგანდამ ეს ფაქტიც სათავისოდ გამოიყენა - „ბელადმა ლეიტენანტი ჯუღაშვილი არ გაცვალა ფელდმარშალზე“.

„მამამისთან ურთიერთობით სასოწარკვეთილებამდე მისულმა იაკობმა ჩვენთან, კრემლის სახლის სამზარეულოში გაისროლა. ტყვია დაიხალა. საბედნიეროდ, მხოლოდ დაიჭრა. მამამ ამაში მხოლოდ ირონიის საბაბი ნახა: - რა, ვერ მოირტყა? უყვარდა დაცინვა... ტყვეობაში იაშას ბედის ანაბარად მიტოვება ძალიან ჰგავს მამას - უარეყო, დაევიწყებინა თავისიანები, თითქოს არც არსებობდნენ ისინი...

მამაჩემს რვა შვილიშვილიდან მხოლოდ მხოლოდ სამი ჰყავდა ნანახი - ჩემი შვილები და იაშას ქალიშვილი..

შეიძლებოდა მამას გადარწმუნება, შეიძლებოდა ჩაგენერგათ, რომ ეს ადამიანი, რომელზეც კარგი წარმოდგენა გვქონდა, ცუდი და სულელი ყოფილა. უკან დახევა და ხელახლა დაჯერება იმისა, რომ მავანი მტერი კი არა, ღირსეული ადამიანია, მისთვის ფსიქოლოგიურად მიუღებელი იყო. წარსული ქრებოდა მისთვის და ამაში იყო მისი ნატურის მთელი ულმობლობა. მრავალწლიანი მეგობრობის და თანამებრძოლობის საერთო წარსული თითქოს აღარ არსებობდა. რაღაც შინაგანი გაუგებარი ჟესტით ყველაფერს ხაზს გადაუსვამდა და ადამიანი განწირული იყო. აჰა, შენ მიღალატე? - ასე ამბობდა ვიღაც მის სულში, რაღაც უცხო ეშმაკს  ჰყავდა შეპყრობილი - მაშინ მე შენ უკვე აღარ გცნობ!.. იგი უკვე დახშული იყო მათთვის. არ შეეძლო უკან, მათკენ ნაბიჯის გადადგმაც კი. უკვე აღარ არსებობდა ხსოვნა. იყო მხოლოდ ბოროტი ინტერესი - როგორ იქცევა ამჟამად? აღიარებს თუ არა თავის შეცდომებს?“

სვეტლანა ალილუევა, “20 წერილი მეგობარს“, მოსკოვი, 1990 წელი

მეორე ვაჟი ვასილი სტალინი (1921-1962 წწ. ), ავიაციის გენერალი იყო. ნაადრევმა, თავბრუდამხვევმა კარიერამ და სუსტმა ნებისყოფამ იმოქმედა მასზე და გალოთდა. ამ ფონზე მამის სადამსჯელო ქმედებებმა უარესი შედეგი გამოიღო. მანაც ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე.

ქალიშვილი სვეტლანა ალილუევა (1926-2011 წწ.), სტალინის შვილებიდან ერთადერთი იყო, ვინც ბავშვობა მამის გვერდით და მისი მზრუნველობით გარემოცულმა გაატარა. თუმცა მასაც გაუფუჭდა მამასთან ურთიერთობა, რადგან სტალინი უხეშად ერეოდა თავისი შვილების პირად ცხოვრებაში - რძლად არ მიიღო იაკობის ცოლი, გადაასახლა თავისი ქალიშვილის ებრაელი მეგობარი ალექსეი კაპლერი. სტალინი სასტიკად გაუსწორდა ცოლის ნათესავებსაც. გულაგში გადაასახლა ცოლისდები, დახვრიტა ცოლისძმა, ცნობილი მეცნიერი ალექსანდრე სვანიძე, ქვისლი  სტანისლავ რედენსი, ცოლისძმა პავლე ალილუევი.

No Comments Yet.