მითი 10 – სტალინი მარქსის იდეების ერთგული გამგრძელებელი იყო

     „სტალინი მარქსის იდეების ერთგული გამგრძელებელი იყო

ეს მითი საბჭოთა პროპაგანდამ სტალინის ეპოქაში, მისივე მცდელობითა და თანამოაზრეების მხარდაჭერით შექმნა. მიზანი იყო ცხადი - საბჭოთა მოქალაქეებს, პარტიის წევრებს უნდა ერწმუნათ, რომ სტალინი იყო ლენინის ერთადერთი ლეგიტიმური მემკვიდრე, ვინც შეძლებდა ლენინის საქმის გაგრძელებას. სტალინის თითოეული სიტყვა, ნააზრევი, ქმედება მარქსიზმ-ლენინიზმის ფუძემდებლურ დოგმად იყო გამოცხადებული.

რეალურად, სტალინმა მხოლოდ გამოიყენა მარქსიზმ-ლენინიზმი ძალაუფლების მოსაპოვებლად და საკუთარი იდეების განსახორციელებლად. მან რეალურად შექმნა ახალი პოლიტიკური ფილოსოფია - „სტალინიზმი“, რომელიც ძლიერ დაშორებული იყო მარქსიზმ-ლენინიზმისგან. სტალინმა ბოლომდე შეინარჩუნა მარქსისტულ-ლენინისტური ტერმინოლოგია, მაგრამ მის იდეებს ბევრი არაფერი ჰქონდა საერთო მარქსიზმთან.

სტალინმა საფუძვლიანი რევიზია ჩაუტარა მარქსიზმს. დაიტოვა მხოლოდ ის იდეები,

42.

რომლებიც მას თავად სჭირდებოდა ძალაუფლების საყრდენად: ანტიკაპიტალიზმი, ურბანული პროლეტარიატი, კლასთა შორის ბრძოლა, რომლის კიდევ უფრო გაძლიერებისკენ მოწოდება სტალინისთვის იყო ძალაუფლების მუდმივი შენარჩუნების საფუძველი. ამ მხრივ მეტად დამახასიათებელია მისი უკანასკნელი საჯარო გამოსვლა კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობაზე, რომელიც  მიმდინარეობდა 5-14 ოქტომბერს. სტალინი სიტყვით გამოვიდა დასკვნით სხდომაზე - 1952 წლის 14 ოქტომბერს. მოხსენებაში ის განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საბჭოთა კავშირისა და კაპიტალისტური ქვეყნების პროლეტარიატის ერთობაზე, თითქოს ანაქრონისტული ტერმინოლოგიით კვლავ აძლიერებს კლასთა ბრძოლის იდეას და საბჭოთა მოქალაქეებს სიფხიზლისკენ მოუწოდებს. თითქოს არც არაფერი შეცვლილა - 30-იანი წლების რეპრესიების დროსაც „კლასთა ბრძოლის გაძლიერება“ სტალინისთვის  იყო „კლასობრივი მტრის“, „ხალხს მტრის“ სახელით მოწინააღმდეგის განადგურების წარმატებული საშუალება. კლასობრივი ბრძოლის მარქსისტული იდეა სტალინმა წარმატებით გამოიყენა დიდი ტერორის დროს.

სტალინიზმის იდეოლოგია მრავალი იდეისა და მიმდინარეობის ნაზავია. მარქსიზმს

43.

სტალინმა ჩამოაშორა ყველა ლიბერალური და დემოკრატიული იდეა და ორთოდოქსულ მარქსიზმზე დააშენა რუსული რადიკალური ნაციონალიზმი. სტალინიზმი იყო რუსული სახელმწიფო იდეოლოგია. მან მარქსიზმი მხოლოდ შირმად გამოიყენა რუსული ნაციონალ-შოვინიზმის შესანიღბად. სტალინური საბჭოთა პატრიოტიზმი ემყარებოდა რწმენას, რომ რუსეთი იყო ისტორიის ცენტრი და მომავალი განვითარება წარსულის გმირების (ალექსანდრე ნეველი, ივანე მრისხანე, პეტრე დიდი, კუტუზოვი და ა. შ.) მაგალითს უნდა დაფუძნებოდა.

 

აი ის ძირითადი განსხვავებები, რაც არსებობს მარქსიზმ-ლენინიზმსა და სტალინიზმს შორის:

  1. მარქსიზმის არსია მსოფლიო პროლეტარული რევოლუცია. მარქსი რადიკალური სოციალური რევოლუციის განხორციელებას შესაძლებლად მიიჩნევდა მხოლოდ ისეთ ქვეყნებში, სადაც განვითარებული იყო კაპიტალისტური წარმოება და მოსახლეობაში მნიშვნელოვანი იყო ინდუსტრიული პროლეტარიატის წილი. მარქსი კატეგორიულად უარყოფდა „სოციალიზმს ერთ ქვეყანაში“. მარქსისტული იდეოლოგიის თანახმად, იმ ქვეყნებში (მათ შორის რუსეთშიც), სადაც არ იყო განვითარებული ინდუსტრიული წარმოება, პროლეტარიატის მოკავშირე უნდა გახდეს

    44.

    გლეხობა. ლენინის აზრით, სოციალიზმის გამარჯვება ჩამორჩენილ რუსეთში, განვითარებული სახელმწიფოების დახმარების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა. ლენინმა მხოლოდ სამოქალაქო ომის ნანგრევებიდან თანდათან დაღწევის შემდეგ ირწმუნა ცალკე რუსეთში სოციალიზმის გამარჯვება. სტალინმა თეორია „სოციალიზმი ერთ ქვეყანაში“ საბოლოოდ განავითარა და განახორციელა ზემოდან, რევოლუციის მეშვეობით და სახელმწიფო ბიუროკრატიის გამოყენებით. სტალინისტურ რიტორიკაში მარქსისტული მსოფლიო რევოლუციის იდეა დარჩა, თუმცა რეალურად ეს იყო არა რევოლუცია, არამედ მხოლოდ ტერორისა და წითელი არმიის სამხედრო ოპერაციით აღმოსავლეთ ევროპის დაქვემდებარება.

  2. სოციალისტური და მარქსისტული იდეებიდან ყველაზე დიდი გადახრა იყო „ბელადის კულტი“. მარქსიზმის მატერიალისტურ პროლეტარულ ინტერნაციონალიზმთან სრულ წინააღმდეგობაშია ისტორიაში პიროვნების როლი და მნიშვნელობა, რასაც განადიდებდა სტალინური საბჭოთა იდეოლოგია და რაც საბოლოოდ „პიროვნების კულტის“ საყრდენად იქცა. სტალინიზმის საფუძველი გახდა 1938 წელს გამოცემული „კომუნისტური პარტიის ისტორიის მოკლე კურსი“ და 1939 წელს გამოცემული „სტალინი. მოკლე ავტობიოგრაფია“. თავად სტალინის განმარტებით: „მშრომელი მასები და უბრალო ადამიანები ვერ დაიწყებენ მარქსიზმ-ლენინიზმის შესწავლას ლენინის და სტალინის შრომებით. მათ ბიოგრაფიით უნდა დაიწყონ“.
  3. სტალინური კონსტიტუციის მიღების ფაქტი (1936 წ.) ოფიციალურმა იდეოლოგიამ განვითარებული სოციალიზმის ეტაპის დასაწყისად გამოაცხადა. მარქსისტული დოქტრინის თანახმად, განვითარებული სოციალიზმის შემდეგ დადგებოდა კომუნიზმის ეტაპი, როდესაც მოხდებოდა სახელმწიფო სისტემისა და ინსტიტუტების განლევა. სტალინის დროს პირიქით ხდებოდა - ძლიერდებოდა სახელმწიფო ინსტიტუტები, ბიუროკრატიაზე დამყარებული დიქტატურა. ამასთან, ეს დიქტატურა რეალობაში უკვე არა პროლეტარიატის, არამედ ერთი ადამიანის პერსონალური დიქტატურა იყო. ამ „უხერხულობის“ მოსახსნელად, სტალინმა განაცხადა: „თუმცა სოციალიზმი არსებითად უკვე მიღწეულია, სამხედრო საფრთხემ საჭირო გახადა სახელმწიფოს შემდგომი გაძლიერება. სანამ კაპიტალისტური ალყა იარსებებს, აუცილებელია სახელმწიფოს შენარჩუნება, სრული კომუნიზმის მეორე ეტაპზეც კი. სახელმწიფოს გაუქმება გადაიდო სოციალიზმის გამარჯვებამდე მსოფლიო მასშტაბით“.

სტალინი დიდ დროს

46.

და ადგილს უთმობდა იდეოლოგიას. მისთვის მონოლითური და კომპლექსური იდეოლოგიის შექმნა პრინციპული ამოცანა იყო. ახალი ადამიანის აღზრდისკენ განსაკუთრებით მოუწოდებდა მწერლებს, ვინაიდან „მწერალი ადამიანის სულის ინჟინერია“ და „სულების წარმოება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტანკების“. სტალინი სიცოცხლის ბოლო წლებში აქტიურად აქეზებდა სამეცნიერო დებატებს. შესაძლოა, ეს იყო მცდელობა, საბოლოოდ ჩამოეყალიბებინა საკუთარი, ყოვლისმომცველი იდეოლოგია „სტალინიზმი“. მას სურდა, სხვადასხვა სფეროში დებატების შედეგად მიეღო მზა მასალა და იდეა, რომლითაც ჩაანაცვლებდა მარქსიზმ-ლენინიზმის დრომოჭმულ კლიშეებს.

„სტალინი საჯაროდ ციტირებდა მარქსისტულ პრინციპებს და საკუთარ თავს თეორეტიკოსად წარმოაჩენდა, ძალაუფლების ლეგიტიმაციის მიზნით... მისი ზედაპირული დამოკიდებულება მარქსიზმთან ცხადად ჩანს იმ მრავალი შემთხვევის საფუძველზე, როდესაც მან აშკარად დაამახინჯა და უგულებელყო ეს პრინციპები პოლიტიკური მოთხოვნების შესაბამისად. რუსული ნაციონალიზმის, სოციალური კონსერვატიზმის და არაეგალიტარიზმის სანაცვლოდ“.

ედვარდ კარი, ისტორიკოსი, დიპლომატი, საერთაშორისო ურთიერთობების თეორეტიკოსი

სტალინის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ისეა წარმოდგენილი, თითქოს ის 15 წლის ასაკიდან ეზიარა მარქსიზმს და სასულიერო სემინარიაში მარქსისტული წრეც დააარსა. თუმცა სემინარიაში სწავლის პირველ ორ წელს ხელისუფლების მიერ მისთვის ჩამორთმეული ლიტერატურა (ჰიუგო, ფრანგი დარვინისტი ლეტურნი) არ იყო რადიკალური, არათუ მარქსისტული. თავად სტალინის ცნობით, ის ბავშვობაში კითხულობდა ყაზბეგს, რაფიელ ერისთავს, პუშკინს, ილიას, ლერმონტოვს, რაინდულ ზღაპრებს.

 „მას გმირები იზიდავდნენ, ვინც გაჭირვებულთა ინტერესებს იცავდა. ის ოცნებოდა გლეხების მხარდამხარ ბრძოლაზე, ჯერ სოფლის მწერლობა, შემდეგ მამასახლისობა სურდა. მაგრამ მისი შეხედულებები ძირფესვიანად შეიცვალა მას შემდეგ, რაც გაეცნო მუშათა კლასის ინტერესებს და იმ დასკვნამდე მივიდა, რომ გლეხთა გათავისუფლება მხოლოდ მუშათა კლასის დახმარებით და ხელმძღვანელობით არის შესაძლებელი“.

კამინსკი და ვერეშჩაგინი. ბელადის ბავშვობა და ახალგაზრდობა.  სოციალურ-პოლიტიკური ისტორიის რუსეთის სახელმწიფო არქივი. ფ. 71, ან. 10, ს. 273.

სასულიერო სემინარიის ინსპექტორის 1897 და 1898 წლების ჩანაწერებში სოსო ჯუღაშვილი იხსენიება როგორც მომაბეზრებელი და არა რადიკალური აქტივისტი. ყველაზე დიდი ბრალდება მასზე იყო წირვის დროს ეკლესიის დატოვება და წირვაზე დაგვიანება. სოსო თავს არიდებდა აშკარა წინააღმდეგობას და სემინარიიდან მარქსიზმის პროპაგანდის გამო კი არ გარიცხეს, როგორც მისი ოფიციალური ბიოგრაფია იუწყებოდა, არამედ სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო დაანება სწავლას თავი. შემორჩენილია საარქივო დოკუმენტები - სოსო ჯუღაშვილის თხოვნა სემინარიის რექტორის სახელზე, გაუნახევრონ სწავლის ქირა, რაც დაკმაყოფილდა, თუმცა მეორე თხოვნაზე - გადასახადის გაუქმების შესახებ, მას უარი უთხრეს, რასაც სემინარიის დატოვება მოჰყვა.

სტალინი ლადო კეცხოველის დახმარებით დაუკავშირდა მუშათა წრეებს და პირველ წლებში მასთან ერთად მოღვაწეობდა, კერძოდ 1899 წლის თბილისის კონკის მუშათა გაფიცვის დროს. რუსეთიდან გადმოსახლებულმა ბოლშევიკებმა გააძლიერეს საქართველოში საგაფიცვო მოძრაობა. ამ დროს პოლიციის ანგარიშებში პირველად ჩნდება ჯუღაშვილის, როგორც აგიტატორის სახელი. თუმცა იქვე აღნიშნულია, რომ „ის ძალიან ფრთხილად იქცევა“. ტფილისის კომიტეტმა სტალინი 1901 წელს გაგზავნა ბათუმში და დაიწყო საგაფიცვო მოძრაობა კარლო ჩხეიძისა და ისიდორე რამიშვილის ხელმძღვანელობით. გვიანდელ ბოლშევიკთა ანგარიშებში სტალინი იხსენიება ბათუმის საგაფიცვო მოძრაობის ლიდერად. საინტერესოა, რომ ამას თავად სტალინიც უარყოფს.

სოციალ-დემოკრატიული პარტიის გახლეჩის შემდეგ მან ბოლშევიკების მხარე დაიჭირა სწორედ რუსეთთან იდენტიფიკაციის გამო. საქართველოში ქართველ მენშევიკებთან პოლიტიკურ პოლემიკაში დამარცხებული სტალინი გადავიდა ბაქოში, სადაც მეტი რესურსი იყო - იქ მარქსისტულ მოძრაობაში ჩაბმული იყვნენ მუშათა მრავალეროვანი და პოლიტიკურად ნაკლებად განათლებული ფენები, განსხვავებით ქართული სოციალ-დემოკრატიისგან, რომელზეც მნიშვნელოვანი იყო წვრილი თავადაზნაურობისა და ხალხოსნური წრეების გავლენა. ეს კი ახალ შესაძლებლობებს ქმნიდა სტალინის მსგავსი ადამიანებისთვის, ვისაც მწირი განათლების გამო უჭირდა მენშევიკ მარქსისტებთან კონკურენცია და ამჯობინებდა მუშებთან პირდაპირ კონტაქტს, პროპაგანდისტობას, რითაც წარმატებით ახდენდა უწიგნური და პოლიტიკურად გაუთვიცნობიერებელი მასის ორგანიზებას პირადი მიზნებისთვის.

ადრეული რევოლუციური გამოცდილების საფუძველზე, რუსეთში პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში, სტალინი ამჯობინებდა მცირე არაფორმალურ ჯგუფებთან თანამშრომლობას. მისთვის იდეებზე მეტი მნიშვნელობა ჰქონდა დახურულ კარს მიღმა პოლიტიკურ მანიპულაციებს. ადრეულმა წლებმა ჩამოუყალიბა მას კონსპირაციული მენტალობა და ძალადობისადმი შემწყნარებლობა. პოლიტიკური დებატების კულტურა, რაც ლენინის თანამებრძოლებს შორის არსებობდა, სტალინის მმართველობის პერიოდში თანდათან გაქრა.

1922 წლიდან სტალინი, ლენინის რეკომენდაცით, იკავებს პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას, რომელსაც ის იყენებდა ერთგული პოლიტიკური კლიენტურის ქსელის შესაქმნელად, აქეზებდა ზოგად არაკეთილგანწყობას შიდაპარტიული დემოკრატიის მიმართ, რაც სჭირდებოდა მეტოქეების დამცირება-დამარცხებისთვის, მათი იდეების გავრცელების შეზღუდვისთვის. შიდაპარტიული დემოკრატია შეცვალა „ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა ხაზმა“, რომლის კრიტიკა დაუშვებელი გახდა.

საბჭოთა კავშირის ოფიციალურმა უმაღლესმა მმართველმა ორგანომ - ცეკას პოლიტბიურომ ფორმალურად შეწყვიტა შეხვედრები 1930-იანი წლების შუა ხანებში, როცა ძალაუფლება სტალინის არაფორმალური ვიწრო გარემოცვის ხელში გადავიდა. მეგობრული არაფორმალობა 10 წლის შემდეგ შეცვალა მლიქვნელობამ. თუ ადრეულ 30-იანებში არსებობს სტალინთან კამათისა და უთანხმოების ფაქტები, რამდენიმე წლის შემდეგ მისი სიტყვა კანონი გახდა, მისი პერსონალური დიქტატურა ეყრდნობოდა შინაგან საქმეთა ეროვნულ კომისარიატს.

სტალინის მიერ აბსოლუტური ძალაუფლების მოხვეჭა უკავშირდება მითს, რომ სტალინი ლენინის საუკეთესო მოწაფეა. ეს მითი თვით სტალინმა შექმნა. 1922 წლიდან ლენინის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მის უახლოეს გარემოცვაში ძალაუფლებისთვის ფარული ბრძოლა დაიწყო. ამ დროს საზოგადოებრივი აზრი ლენინის მემკვიდრედ განიხილავდა სამხედრო მინისტრის, ლ. ტროცკის კანდიდატურას, რომლის რეიტინგი გაიზარდა სამოქალაქო ომის დროს. თუმცა თავად ლენინი, როგორც ჩანს, სკეპტიკურად განიხილავდა ტროცკის პიროვნებას - მისი ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილების გამო. შესაძლოა, ლენინმა სწორედ მის გასანეიტრალებლად წარადგინა სტალინის კანდიდატურა ცეკას გენერალური მდივნის თანამდებობაზე.

ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ლენინი ცდილობდა, არ დაეკარგა კონტროლი პარტიის ელიტაზე და მუდმივად აბალანსებდა ლიდერთა ძალაუფლებას. ამ ტიპის მცდელობა იყო ლენინის ცნობილი დახურული „წერილი ყრილობისადმი“, რომელშიც ის აკრიტიკებდა სტალინს და თანამდებობიდან მისი გათავისუფლების საკითხს აყენებდა: „ამხ. სტალინმა, როცა ის გენერალური მდივანი გახდა, თავის ხელში მოაქცია განუზომელი ძალაუფლება, და მე დარწმუნებული არ ვარ, შეძლებს თუ არა იგი ყოველთვის საკმაოდ ფრთხილად გამოიყენოს ეს ძალაუფლება... სტალინი ძალიან უხეშია, და ეს ნაკლი, რომელიც სავსებით ასატანია, ჩვენს, კომუნისტების, წრეში და ურთიერთობაში, აუტანელი ხდება გენერალური მდივნის თანამდებობაზე. ამიტომ მე წინადადებით მივმართავ ამხანაგებს, რომ მოიფიქრონ ამ ადგილიდან სტალინის სხვაგან გადაყვანის საშუალება და დანიშნონ ამ ადგილზე სხვა ადამიანი, რომელიც ყველა სხვა მხრივ განსხვავდება ამხ. სტალინისაგან მხოლოდ ერთი უპირატესობით, სახელდობრ, უფრო ლმობიერია, უფრო ლოიალურია, უფრო თავაზიანი და უფრო ყურადღებიანია ამხანაგებისადმი, ნაკლებ ჭირვეულია და ა. შ.“

ამ წერილს ყრილობამდე არ მიუღწევია, სტალინმა შეძლო თანამდებობის შენარჩუნება და ლენინის სიკვდილისთანავე აქტიურად დაიწყო ბრძოლა ტროცკის წინააღმდეგ. 1924 წლის 26 იანვარს, პარტიულ ყრილობაზე, სტალინმა ლენინს უწოდა „პარტიის ბელადი“, რაც სრულიად მოულოდნელი იყო სხვებისთვის. 28 იანვარს კი კრემლის კურსანტთა საღამოზე წარმოთქმულ სიტყვაში (მოგონებაში) „ლენინის შესახებ“ (გამოქვეყნდა გაზ. „პრავდაში“ 1924 წლის 12 თებერვალს) სტალინმა თავი ლენინის „მოწაფედ“ წარმოადგინა.

სტალინის მიერ ლენინის ბელადად წარმოდგენა და თავისი თავის ლენინის მოწაფედ (პერსპექტივაში კი საუკეთესო მოწაფედ) წარმოჩენა ემსახურებოდა ორ მიზანს: გზა მოეჭრა ტროცკის ერთპიროვნული ძალაუფლებისთვის, ხოლო პარტიულ ელიტაში მოემზადებინა აზრი კოლექტიური მმართველობის შესახებ, რადგან ლენინის, როგორც ზებუნებრივი თვისებების მქონე ბელადის სრულფასოვნად შეცვლას მხოლოდ ერთი თანამებრძოლი ვერ შეძლებდა. ამასთან, სტალინი პარტიული წრეების წინაშე ამზადებდა თავის თავს, როგორც ბელადის (ლენინის) პერსპექტიულ შემცვლელს, ვინაიდან სწორედ იგი იყო მისი მოწაფე.

45.

1924 წლის მაისში სტალინმა გამოსცა ბროშურა „ლენინისა და ლენინიზმის შესახებ“, რომელშიც შევიდა „მოგონება ლენინის შესახებ“ და „ლენინიზმის საფუძვლების შესახებ“. ტროცკი მიხვდა, რომ სტალინი მის საბოლოოდ გარიყვას ცდილობდა და შელახული ავტორიტეტის რეაბილიტაცია სცადა ნაშრომით „ოქტომბრის გაკვეთილები“. სტალინის საპასუხო წერილი „ტროცკიზმი თუ ლენინიზმი?“ გამოქვეყნდა გაზეთ „პრავდაში“. ამის შემდეგ ტროცკის ლიდერობაზე უკვე ლაპარაკიც კი აღარ შეიძლებოდა.

1926 წელს გამოვიდა სტალინის ნაშრომების კრებული „ლენინიზმის საკითხები“. შემდგომში, 1952 წლამდე, ეს კრებული თერთმეტჯერ გამოიცა, შევსებული ახალი ნაშრომებით. იმას, რასაც სტალინი ლენინიზმს უწოდებდა, სინამდვილეში ბევრი არაფერი ჰქონდა საერთო არც ლენინთან, არც მარქსთან და ენგელსთან. ეს იყო სტალინიზმი - სრულიად ახალი პოლიტიკური იდეები, რომელთა პარტიულ წრეებში უპრობლემოდ დასამკვიდრებლად სტალინმა ლენინის ავტორიტეტი გამოიყენა.

No Comments Yet.